ახალი ამბებიეკონომიკა

სექტემბერში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულის ოდენობა გაიზარდა | სებ

15 ოქტომბერი, 2020 • 1595
სექტემბერში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულის ოდენობა გაიზარდა | სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 192.7 მლნ აშშ დოლარი (611.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 28.7%-ით (43.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ჩარიცხათა და გადარიცხვათა შეფარდება თვეების მიხედვით / სებ

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.6% მოდიოდა.

სების მონაცემებით, სექტემბრის თვეში ყველაზე დიდი გადმორიცხვა რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა და 35.13 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი გადმორიცხების 18.23%-ია. შემდეგ ადგილზეა იტალია 29.21 მილიონი აშშ დოლარით, რაზეც გადმორიცხვების 15.16% მოდის. აშშ-დან სექტემბრის თვეში დაფიქსირდა 22.65 მილიონი დოლარის გადმორიცხვა (მთლიანი გადმორიცხვების 11.75%).

გადმორიცხული თანხები ქვეყნებისა და პროცენტული განაწილების მიხედვით/სებ

საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებიდან 77.71 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი მოცულობის 40.32%-ია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.1 მლნ აშშ დოლარი (79.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის სექტემბრის (20.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4%-ით მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი