ახალი ამბები

“პირველ არხზე” საარჩევნო დებატებში “ოცნებიდან” მონაწილეობას მამუკა მდინარაძე მიიღებს

15 ოქტომბერი, 2020 • 913
“პირველ არხზე” საარჩევნო დებატებში “ოცნებიდან” მონაწილეობას მამუკა მდინარაძე მიიღებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე საარჩევნო დებატებში “ქართული ოცნებიდან” მონაწილეობას მამუკა მდინარაძე მიიღებს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარტიაში დაუდასტურეს.

დებატებში მონაწილე პარტიების რიგითობა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წილისყრით განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც, 15 ოქტომბერს დაგეგმილ დებატში მონაწილეობა შემდეგმა პარტიებმა უნდა მიიღონ: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგიააღმაშენებელი” , “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)”.

“სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი” გიორგი ვაშაძე დებატებში “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მონაწილეობას ითხოვდა.

თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ ფორმატში მონაწილეობას არა გახარია, არამედ მამუკა მდინარაძე მიიღებდა მონაწილეობას.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვაშაძემ განაცხადა, რომ გახარია თავს არიდებს კითხვებს უამრავ პრობლემაზე, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობას აქვს, რადგან მათზე პასუხები არ გააჩნია, და კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქმედ პრემიერ-მინისტრს, გადაცემაში თავად მიიღოს მონაწილეობა:

“გიორგი გახარიას ეშინია და არიდებს კითხვებს თავს, მას არ აქვს პასუხი იმ უამრავ პრობლემაზე, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მას არ აქვს პასუხი იმ მოპარულ მილიონებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ფულის მკეთებელმა გუნდმა ჯიბეში ჩაიდო და ეშინია იმ ახალი ფაქტების, რომელსაც დღეს საღამოს მე ეთერში გავასაჯაროებ. 22:30 საათამდე კიდევ არის დრო და ველოდები გიორგი გახარიას დებატებში”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი