ახალი ამბები

საწოლფონდი რიცხვებში კლინიკებსა და სასტუმროებში, ტიკარაძის მიხედვით

15 ოქტომბერი, 2020 • 1267
საწოლფონდი რიცხვებში კლინიკებსა და სასტუმროებში, ტიკარაძის მიხედვით

ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის განცხადებით, ჯამში, საქართველოს შეუძლია მინიმუმ 10-ათასიანი საწოლფონდის უზრუნველყოფა, თუმცა, როდესაც COVID-19-ის მართვაზეა საუბარი, აქ გასათვალისწინებელია სამედიცინო პერსონალის რაოდენობაც.

ამის შესახებ ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალთან მიმართებაში რიცხვები და რესურსები ლიმიტირებულია. სწორედ ამიტომ ცდილობს ქვეყანა ვირუსის შეკავებასა და შემთხვევების ზრდის დროში გადავადებას, რომ ჯანდაცვის სისტემამ შეძლოს გამოწვევასთან გამკლავება და სამედიცინო სერვისის მიწოდება პაციენტებისთვის.

როგორც ცნობილია, დღეს, 15 ოქტომბერს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული, კერძოდ კი, 919 შემთხვევა დაფიქსირდა.

ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით უშუალოდ საავადმყოფოში 2090 პაციენტი მკურნალობს, 500 პაციენტი ელოდება დიაგნოზს ტრიაჟის სივრცეში, კოვიდ სასტუმროში კი 1090 პაციენტი იმყოფება.

მისივე თქმით, 4000 მდე საწოლფონდია საქართველოში მობილიზებული. 3900 საწოლია მობილიზებული კოვიდ სასტუმროში, რაც გადაფარულია ექიმების ბრიგადებით. დღის ბოლომდე კოვიდის მართვაში 4 ახალი კლინიკა ჩაერთვება თბილისში.

“თუ საწოლების რაოდენეობა არ იქნება საკმარისი, ჩვენ 48 საათით ადრე გვაქვს ამის მონიტორინგის საშუალება და გვაქვს ნუსხა კლინკების, რომლებიც შემდეგ ეტაპზე უზრუნველყოფენ პაციენტებს საწოლებით და ექიმებით”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი