ნეტგაზეთი | გახარია გასულ წელს გარეჯის საკითხის გამწვავებაში ოპოზიციას ადანაშაულებს გახარია გასულ წელს გარეჯის საკითხის გამწვავებაში ოპოზიციას ადანაშაულებს – Netgazeti
RU | GE  

გახარია გასულ წელს გარეჯის საკითხის გამწვავებაში ოპოზიციას ადანაშაულებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 2019 წელს დავითგარეჯის საკითხის გამწვავებაში ოპოზიციის დიდი წვლილი იყო.

“დავითგარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც ერთი თვის წინ. დავითგარეჯის ისტორია დაიწყო წლების წინ და დავითგარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო წელიწად-ნახევრის წინ და ოპოზიცია, რომელიც პროვოკაციულ კითხვებს სვამს, მათი დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში და, პირველ რიგში, თავის თავს უნდა დაუსვან კითხვა, რატომ მაინცდამაინც ახლა”, – განაცხადა გახარიამ.

მას ასევე ჰკითხეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ საზღვრის საკითხზე პასუხისმგებელი იყო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

“რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს და იმას, რაც თქვა ბატონმა ნოღაიდელმა (მე არ მინახავს)…. ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა. ქვეყანაში ინდულგენცია არა აქვს არავის. მით უმეტეს, ბატონი სააკაშვილისთვის, სისხლის სამართლლის გამოძიება მასზე არ იქნება რაღაც სიახლე. ერთი და ორი არ დაწყებულა. ამიტომ ეს არის სრულად გამოძიების კომპეტენცია და რასაც გამოძიება გადაწყევტს, არანაირი შეზღუდვები არ ექნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პროკურატურამ მიმდინარე წლის აგვისტოში გამოძიება დაიწყო აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე და სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე. ეს მოქალაქე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია, რომელსაც დახმარება, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.

“2019 წლის სექტემბერში დამირეკა, ჩემთვის შოკის მომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. საქართველო აზერბაიჯანის საზღვართან, დავითგარეჯთან დკავშირებით პრობლემა შეიქმნაო. მთხოვა, რუკები მომეძიებინა”, – ამბობს ხიდაშელი.

2019 წლის აპრილში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გადაკეტეს. სასულიერო პირები არ გამორიცხავდნენ, რომ აზერბაიჯანის გადაწყვეტილება ქართველი ძალოვნების გარკვეულმა “გადაადგილებებმა” გამოიწვია, თუმცა არ აკონკრეტებდენ, რას გულისხმობდენ.

ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი მოინახულა საქართველოს პრეზიდენტმა და თქვა, რომ აუცილებელია, ძეგლის აღდგენაზე მუშაობა დაიწყოს. სალომე ზურაბიშვილი დავითგარეჯის სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეებსაც შეხვდა და განაცხადა: “სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს”. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროსაც წამოწია.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.