ნეტგაზეთი | საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა და კომენდატის საათი გამოცხადდა | COVID-19 საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა და კომენდატის საათი გამოცხადდა | COVID-19 – Netgazeti
RU | GE  

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა და კომენდატის საათი გამოცხადდა | COVID-19

საფრანგეთის 9 ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქ პარიზში, კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ გამართული სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

ახალი შეზღუდვების მიზეზი გახდა კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღა, რომელიც, წინა ტალღებისგან განსხვავებით, საფრანგეთის თითქმის ყველა რეგიონში თანაბრადაა გავრცელებული.

ახალი შეზღუდვები წესდება 9 ქალაქში: პარიზში, მარსელში, ლიონში, ექს-ან-პროვანსში, ლილში, რუანში, ტულუზაში, გრენობლში და მონპელიეში.

შეზღუდვები 4 კვირით დაწესდა და მოიცავს შემდეგს:

  • იკრძალება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება;
  • რესტორნები საღამოს საათებში კლიენტებს ვერ მოემსახურებიან;
  • გადაუდებელი მიზნებისთვის ღამით გადასაადგილებლად აუცილებელი იქნება სპეციალური ნებართვის მიღება.

ჯერჯერობით მუშაობას აგრძელებენ სკოლები.

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 ათასამდე შემთხვევა გამოავლინეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. როგორც France24 იტყობინება, 14 ოქტომბრის მონაცემებით, საფრანგეთის რეანიმაციულ განყოფილებებში 1 539 პაციენტია მოთავსებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ასეთი 5 ათასი საწოლია ხელმისაწვდომი.

საფრანგეთში ამ დრომდე კორონავრიუსის 800 ათასამდე შემთხვევა და 33 ათასზე მეტი გარდაცვალებაა აღრიცხული.

საფრანგეთის გარდა, შეზღუდვები წესდება ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ნიდერლანდებში, ჩეხეთში, ესპანეთში (კატალონიის რეგიონი).

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 38.5 მილიონს გადააჭარბა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.