ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ უნდა ჩაერთოს, დიპლომატია მოსკოვს არ უნდა შეატოვოს – ბაიდენი ყარაბაღზე

14 ოქტომბერი, 2020 • 1743
აშშ უნდა ჩაერთოს, დიპლომატია მოსკოვს არ უნდა შეატოვოს – ბაიდენი ყარაბაღზე

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, პირობებს უყენებს და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებს კონფლიქტში პასიური ჩართულობის გამო.

ბაიდენმა 14 ოქტომბერს შეშფოთება გამოხატა 10 ოქტომბერს დადებული ჰუმანიტარული ზავის დარღვევისა და ბრძოლების გაგრძელების გამო და განაცხადა: „აუხსნელია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ესკალაციის ბოლო პერიოდის განმავლობაში მეტწილად პასიურობას ავლენს და მიმდინარე მოვლენებს გამოთიშულია“.

ჯო ბაიდენის თანახმად, 27 სექტემბრიდან, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, როცა რეგიონი ცეცხლის ალშია გახვეული, არც პრეზიდენტ ტრამპსა და არც სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს არ უსაუბრიათ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან.

„იმის ნაცვლად, რომ დიპლომატია მოსკოვს შეატოვოს, ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად უნდა ჩაერთოს მაღალ დონეზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა ვითარება განიმუხტოს და მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ“, – წერია 14 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, „პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანს უნდა უთხრას, რომ არ დაუშვებს მის მცდელობებს, სამხედრო გადაწყვეტა მოუძებნოს ამ კონფლიქტს. ამასთან, ცხადად უნდა განუმარტოს სომხეთს, რომ მთიანი ყარაბაღის გარშემო განლაგებული რეგიონები არ შეიძლება განუსაზღვრელი დროით იყოს ოკუპირებული“. ამასთან, ბაიდენის თანახმად, საჭიროა, აშშ-მა მხარეებს განუმარტოს, რომ ცეცხლის შეწყვეტისთანავე დაიწყონ მოლაპარაკებები, — ურთიერთნდობაზე დამყარებული, — რამაც ხანგრძლივი მშვიდობა უნდა მოიტანოს.

ჯო ბაიდენი საუბრობს თურქეთსა და ირანზეც: „პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა შეწყვიტოს ანკარისთვის ხელის დაფარება და განუცხადოს თურქეთსა და ირანს, არ ჩაერიონ ამ კონფლიქტში. თურქეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება და საბრძოლო რიტორიკა, რაც კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტისკენაა მიმართული, უპასუხისმგებლობაა“, – წერს ბაიდენი.

მისი განცხადებით, დიპლომატიური შედეგის მიღწევა ადვილი არ იქნება, მაგრამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვალდებულია, სცადოს. „ეს უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ, სანამ უფრო მეტი სიცოცხლე დაკარგულა და კონფლიქტი არ გაფართოებულა“.

განახლებული საბრძოლო მოქმედებების უკვე მე-18 დღეა არ წყდება. ორივე მხარეს გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. სხვადასხვა არაოფიციალური ცნობით, გარდაცვლილ სამხედროთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ათასია.

ომი გრძელდება – საბრძოლო მოქმედებების მე-18 დღე ყარაბაღში

მასალების გადაბეჭდვის წესი