დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა მოდის სიმპტომიან პაციენტებზე.
“ახალი შემთხვევები მოდის ძირითადად სიმპტომიან პაციენტებზე, რომლებიც აქტიურად მიმართავენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, ცხელების ცენტრებს, კოვიდკლინიკებს და ასევე, ონლაინ კლინიკებს, და ხდება ნაცხის აღება და ტესტირება. 680 შემთხვევიდან 362 გახლავთ სწორდ სიმპტომიანი პაციენტები.
ამიტომ, ჩვენი მოწოდება მოსახლეობისადმი გახლავთ ის, რომ ახლა უკვე ვისაც პირველი სიმპტომები აქვს კოვიდინფექციასთან დაკავშირებული და ეს არის ტემპერატურის მომატება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლვ უნდა დარეკონ 112-ზე და, შესაბამისად, ოჯახის ექიმებმა მართონ მათი შემდგომი ნაბიჯები. პირველ რიგში, რეფერალი გაკეთდება ტესტირებაზე. თუ დასტურდება, არის შემდეგი პროტოკოლი, რა კეთდება, თუ არ დასტურდება, შემდგომ პროტოკოლი რა კეთდება”, – განაცხადა გამყრელიძემ 14 ოქტომბერს.
მისი თქმით, მეორე ყველაზე დიდი ჯგუფი ახალი ინფიცირებულების, 167 ინფიცირებული, არის კონტაქტში მყოფი ადამიანები.
“ამიტომ ჩვენი მოწოდებაა, ყველა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი არ უნდა ეძებდეს საშუალებას, რომ ტესტი მეორე დღესვე ჩაიტაროს ან იმ დღესვე. აუცილებელია, რომ ის დარჩეს იზოლაციაში 12 დღის განმავლობაში და თუ ეწყება კოვიდისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ მიმართოს 112-ს და გაიაროს დიაგნოსტირების პროტოკოლი”, – განაცხადა გამყრელიძემ.
- 14 ოქტომბრის მონაცემებით, გასული დღეღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 680 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 13 521-ს მიაღწია.
- თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობაა 297
- ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 პაციენტი. კორონავრიუსით, ჯამში, ქვეყანაში 109 ადამიანია გარდაცვლილი.
- დღევანდელი მონაცემებით, 292-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და გახდა 7 159. ინფიცირებულთა ნაწილი ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას.