ახალი ამბები

ნოღაიდელი: სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ჩემი ბიზნესპარტნიორი არ არის

13 ოქტომბერი, 2020 •
ნოღაიდელი: სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ჩემი ბიზნესპარტნიორი არ არის

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი პასუხობს ყოფილი თანაგუნდელის, გიგი უგულავას განცხადებას და ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი არ არის.

ნოღაიდელის თქმით, ივანიშვილის პარტნიორობა მას პრობლემას არ შეუქმნიდა და არც მის მიმართ კითხვის ნიშნებს გააჩენდა. რაც შეეხება კახა კალაძესთან ერთად საქმიანობას, ნოღაიდელი ამბობს, რომ წარსულში კალაძის ბიზნესპარტნიორი მართლაც იყო, თუმცა შემდეგ კალაძე პოლიტიკაში წავიდა და საერთო საქმიანობას აღარ ეწევიან:

“მე არასდროს, არცერთ თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია.  ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, რომ არ მინდა პარტიულ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ თუ ვინმე შემეხება ბრალდებით, ცხადია, პასუხს გავცემ. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ჩემი ბიზნესპარტნიორი არ არის. ბიძინა ივანიშვილზე უკეთეს ბიზნესპარტნიორს სად ნახავ კაცი საქართველოში ან მსოფლიოში” ,- ამბობს ზურაბ ნოღაიდელი “რუსთავი 2-თან”.

დღეს “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ ზურაბ ნოღაიდელი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას კავშირები აქვს ბიძინა ივანიშვილთან:

“ზურაბ ნოღაიდელი არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ეს  დასაბუთებულია, ისინი ერთად აკეთებენ ფულს აზერბაიჯანის ტრანზიტზე. ასე რომ, სიაფანდი თამაშები ერთმანეთში ითამაშონ, ოღონდ ის უდანაშაულო ადამიანები გამოუშვან ციხიდან”, – თქვა უგულავამ. 

ზურაბ ნოღაიდელი, ე.წ. “კარტოგრაფების საქმეზე” გუშინ პროკურატურაში გამოკითხეს.

ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2005-2007 წლებში იკავებდა.

როგორც ცნობილია, კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებული.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი