ახალი ამბები

ცეზარ ჩოჩელის თანაგუნდელი სამინისტროს ადანაშაულებს სკოლის დირექტორის პოლიტიკური ნიშნით დევნაში

13 ოქტომბერი, 2020 •
ცეზარ ჩოჩელის თანაგუნდელი სამინისტროს ადანაშაულებს სკოლის დირექტორის პოლიტიკური ნიშნით დევნაში

მცხეთის მუნიციპალიტეტში ქსნის საჯარო სკოლის დირქტორს ვადის ამოწურვის შემდეგ სამინისტრომ მოვალეობის შესრულების საშუალება არ მისცა, რასაც მისი შვილი ბექა ლელუაშვილი მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

ბექა ლილუაშვილმა მთავარ არხს უთხრა, რომ ცეზარ ჩოჩელისა და კახა ოქრიაშვილის მეგობარი და თანამებრძოლია 2020 წლის არჩევნებში. როგორც ცნობილია, ჩოჩელისა და ოქრიაშვილის პარტია (პროგრესი და თავისუფლება) გაერთიანებულ ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” შეუერთდა. ცეზარ ჩოჩელი მცხეთაში იყრის მაჟორიტარად კენჭს.

დირექტორის შვილის ინფორმაციით, მომხდარის გამო დედამისი ცუდად გახდა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანაც გახდა საჭირო.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა.

“აღნიშნული ინფორმაცია საჯარო სკოლის ყველა დირექტორისთვის კარგად არის ცნობილი. სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა არცერთი დირექტორის გათავისუფლება. ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს წერილობით კომენტარში, რომელიც უწყებამ ნეტგაზეთს წერილობით გამოუგზავნა.

ვადის ამოწურვის შემდეგ სკოლის დირექტორების ნაწილს თბილისშიც აღარ გაუგრძელეს უფლებამოსილების ვადა, რამაც რამდენიმე სკოლაში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

15 სექტემბერს ბრიფინგი გამართა “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა, სერგო რატიანმაც. მისი თქმით, სექტემბრის დასაწყისში თბილისის მასშტაბით 177 სკოლიდან 110 სკოლის დირექტორს უფლებამოსილების 6- წლიანი ვადა გაუვიდა და ხელშეკრულება შეუწყდა. მიუხედავად ამისა, რატიანის ცნობით, სამინისტრომ დირექტორობის მოვალეობის შესრულების უფლება დირექტორების დაახლოებით ნახევარს მისცა, ნახევარი კი სკოლიდან გაუშვა.

“პროცესი, რომელიც დაიწყო თბილისით, გრძელდება მთელ საქართველოში. ერთი მხრივ, საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, რითაც დაზარალდნენ კონკრეტული ადამიანები და შეილახა მათი პროფესიული იმიჯი, თუმცა, ამასთანავე, სკოლები პანდემიის რთულ პერიოდში აღმოჩნდნენ დირექტორების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ეფექტური გადაწყვეტილების რისკებს ზრდის და საფრთხის წინაშე აყენებს საგანმანათლებლო პროცესის გამართულობას”, – განაცხადა რატიანმა.

რატიანმა ასევე მიმართა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება, რის საფუძველზე გაუგრძელდა ხელშეკრულება სკოლის დირექტორების მხოლოდ ნაწილს და დაუყოვნებლივ ჩაატაროს საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსისთვის საჭირო გამოცდები, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი