ახალი ამბები

საქართველოში ელექტრონული აპოსტილი დაინერგა

13 ოქტომბერი, 2020 • 1254
საქართველოში ელექტრონული აპოსტილი დაინერგა

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან საქართველოში ელექტრონული აპოსტილის სერვისი ამოქმედდა, რამაც შესაძლებლობა მისცა, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ონლაინ რეჟიმში დაამოწმონ და შემდეგ ქვეყნის ფარგლებს გარეთ  გამოიყენონ საქართველოს სხვადასხვა უწყების მიერ გაცემული 100-ზე მეტი დასახელების დოკუმენტი. ინფორმაციას ამის თაობაზე გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ავრცელებს, რომელიც პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია.

ელ. აპოსტილის მეშვეობით შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დოკუმენტების, დაბადებისა და ქორწინების მოწმობების, ატესტატებისა და დიპლომების, სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და სხვა საბუთების დამოწმება.

UNDP-ის ცცნობით, საქართველო მე-19 ქვეყანაა ჰააგის კონვენციის ხელმომწერ 119 სახელმწიფოს შორის, სადაც ეს ინოვაციური ელექტრონული სერვისი დაინერგა.

ელ. აპოსტილის სერვისი შემუშავდა და დაინერგა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ (სსგს) მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის ხელშეწყობით.

“ციფრული ტექნოლოგიები დროის დაზოგვის, ბიუროკრატიის შემცირებისა და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებაა”, – განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. “ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანზე მორგებული სახელმწიფო სერვისების სისტემის განვითარებას, რომლის მეშვეობითაც ყველა მოქალაქე მიიღებს მისაწვდომ, ხარისხიან და უსაფრთხო სერვისს, როგორც ქალაქსა თუ სოფელში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ის, რაც ადრე მხოლოდ სასურველი იყო, ამჟამად აუცილებლობად იქცა”.

“დღეს ელექტრონული სერვისები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო ციფრულ სტანდარტზე გადადის“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა. “ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებს უფრო ადვილად მიუწვდებათ ხელი მათი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ მომსახურებაზე. მეორე მხრივ, ციფრული ტექნოლოგიები ხელს უწყობს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას”.

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ (სსგს) საჯარო დოკუმენტების დამოწმების საერთაშორისო გამოცდილება შეისწავლა და ელ. აპოსტილის დანერგვისთვის საჭირო ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილა.

ელ. აპოსტილზე განაცხადების გაგზავნა წარმოებს  სსგს-ს ვებგვერდიდან, https://sda.gov.ge/, და მოქალაქეთა ერთიანი პორტალიდან, www.my.gov.ge, ხოლო დოკუმენტის დამოწმება შესაძლებელია სსგს-ს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე http://apostille.cra.ge.

მასალების გადაბეჭდვის წესი