ახალი ამბები

ჩვენი პარტია თავისუფალი ადამიანებისგან შედგება და ამას მივესალმები — უგულავა ხოშტარიას განცხადებაზე

13 ოქტომბერი, 2020 • 715
ჩვენი პარტია თავისუფალი ადამიანებისგან შედგება და ამას მივესალმები — უგულავა ხოშტარიას განცხადებაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მისი პარტია თავისუფალი ადამიანებისაგან შედგება და სწორედ ამით აიხსნება ის, რომ მისი ვიდეომიმართვა მისივე თანაპარტიელმა ელენე ხოშტარიამ საჯაროდ არ გაიზიარა.

საუბარია უგულავას ვიდეომიმართვაზე, რომელშიც ენმ-ის პრემიერობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციის ერთიანი ფორმატის რღვევაში ადანაშაულებს. როგორც ხოშტარია ამბობს, ორ პარტიას შორის განსხვავებების საჩვენებლად “ევროპული საქართველოს” კამპანიის ფორმას არ იზიარებს.

“მთავარი თემა ის არის, რომ ჩვენი პარტია, “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით, თავისუფალი ადამიანებისგან შედგება და ვისაც აქვს განსხვავებული აზრი, ეს აზრი კი არ იმალება, არამედ საჯაროდ ითქმევა. ამიტომ ამას მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. ელენეს კიდევ განსხვავბული პოზიციონირება აქვს. ის, მოგეხსენებათ, არის სწორედ უკანასკნელი მოჰიკანელი, ის, ნიკა მელია, შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი და ლევან ხაბეიშვილი. მე გადავწყვიტე, რომ ჩვენს ამომრჩეველთან ვიყო გულწრფელი, ვთქვა სიმართლე”, — განაცხადა უგულავამ “ფორმულას” ეთერში.

გიგი უგულავა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციის ფორმატის რღვევაში ადანაშაულებს და ამ მიმართულებით ვანო მერაბიშვილის როლს გამოყოფს.

უგულავას თქმით, სააკაშვილს არ მოსწონდა ფორმატი, სადაც პირადად ის არ იყო ერთპიროვნული ლიდერი, რის გამო უხერხულობას მისივე თანაპარტიელებიც გრძნობდნენ. უგულავას თქმით, “ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილები თანხმდებოდნენ, რომ პროპორციულ ნაწილში საერთო სიაზე შეთანხმება არაფრის მომცემი იქნებოდა, თუმცა მაჟორიტარულში ეს აუცილებელი იყო, რასაც, მისი ინფორმაციით, ენმ-ის ადგილობრივი ლიდერებიც იზიარებდნენ.

როგორც უგულავა ამბობს, ოპოზიციური ერთობა, ივანიშვილის გარდა, მიზანში ამოიღო სააკაშვილმა და ყველაფერი გააკეთა ამ ერთობის დასაშლელად, რაშიც მას ციხიდან გამოსული ვანო მერაბიშვილი დაეხმარა. უგულავას თქმით, ამ ერთობის დაშლის წინააღმდეგ მიმართული იყო სააკაშვილის მიერ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შტაბად გადაკეთება მაშინ, როცა ოპოზიცია ლეიბორიტების ოფისში შეთანხმებულად აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

უგულავა: სააკაშვილი სერსეი ლანისტერივით მოიქცა, ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა

მასალების გადაბეჭდვის წესი