ახალი ამბები

უგულავა: სააკაშვილი სერსეი ლანისტერივით მოიქცა, ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა

12 ოქტომბერი, 2020 • 1397
უგულავა: სააკაშვილი სერსეი ლანისტერივით მოიქცა, ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციის ფორმატის რღვევაში ადანაშაულებს და ამ მიმართულებით ვანო მერაბიშვილის როლს გამოყოფს.

უგულავას თქმით, სააკაშვილს არ მოსწონდა ფორმატი, სადაც პირადად ის არ იყო ერთპიროვნული ლიდერი, რის გამო უხერხულობას მისივე თანაპარტიელებიც გრძნობდნენ. უგულავას თქმით,  “ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილები თანხმდებოდნენ, რომ პროპორციულ ნაწილში საერთო სიაზე შეთანხმება არაფრის მომცემი იქნებოდა, თუმცა მაჟორიტარულში ეს აუცილებელი იყო, რასაც, მისი ინფორმაციით, ენმ-ის ადგილობრივი ლიდერებიც იზიარებდნენ.

როგორც უგულავა ამბობს, ოპოზიციური ერთობა, ივანიშვილის გარდა, მიზანში ამოიღო სააკაშვილმა და ყველაფერი გააკეთა ამ ერთობის დასაშლელად, რაშიც მას ციხიდან გამოსული ვანო მერაბიშვილი დაეხმარა. უგულავას თქმით, ამ ერთობის დაშლის წინააღმდეგ მიმართული იყო სააკაშვილის მიერ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შტაბად გადაკეთება მაშინ, როცა ოპოზიცია ლეიბორიტების ოფისში შეთანხმებულად აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

“ამასობაში გამოჩნდა მერაბშვილი, რომელმაც ენმ-ის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი და რომ სწორედ ის, მერაბიშვილი ადგილზე უზრუნველყოფდა ამას”, – ამბობს უგულავა. 

“ევროპული საქართველოს” ლიდერი ყოფილ თანაგუნდელს პოპულარული სერიალის, “სატახტოთა თამაშების” პერსონაჟსაც ადარებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სერსეი ლანისტერივით მოიქცა და ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა:

“ასეც მოხდა, ენმ გავიდა ყველა შეთანხმებიდან, დააყენა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, ან მე, ან ბიძინა, სხვა ყველა პარტიუკაა და არავითარი კოალიცია არ იქნებაო. თუ ენმ არ გაიმარჯვებს, ქვეყანა დაიღუპებაო. ვინც არ მიიღო თამაშის ეს წესი, მტერი აღმოჩნდა. ჯერ -გიორგი ვაშაძე, შემდეგ- ევროპული საქართველო, შემდეგ -გირჩი. სააკაშვილის ჩარევამდე, ოპოზიციური ბრძოლის მოდელი სატახტოთა თამაშების მიხედვით რომ აღვწეროთ, იყო შემდეგი — ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები- მაჟორიტარებად.

მარტივად, ადამიანები წყვდიადის მეფისა და თეთრი მოხეტიალეების, ანუ ბიძინისა და ქოცების წინააღმდეგ, ახლა ომის წინა სცენა გვექნებოდა, როცა ბევრი ერთმანეთთან წარსულში დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბებთან ბრძოლისთვის როგორ შეხმატკბილებულად ემზადება. სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა, როგორც სერსეი ლანისტერი, ზურგში ჩაარტყა დანა ოპოზიციის ერთობას. მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის მეტი მიზანი და იდეა მას უბრალოდ არ აქვს.

ამის შედეგი, რომ ენმ გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად. ახლა თავს იწყნარებენ, მთავარი ლიდერია და არა სიაო. დიახ, მეგობრებო, მთავარი ლიდერია, მაგრამ პარტიული სია ლიდერის სარკეა. ასე გადაიქცა მთავარი ოპოზიციური პარტია სააკაშვილის და მერაბიშვილის სავაჭრო სახლად” ,- ამბობს უგულავა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი