ახალი ამბები

მომწონს, როგორც იბრძვის ხოშტარია — სააკაშვილის კომენტარი უგულავას განცხადებაზე

12 ოქტომბერი, 2020 • 1433
მომწონს, როგორც იბრძვის ხოშტარია — სააკაშვილის კომენტარი უგულავას განცხადებაზე

“ლაკა[ელენე] ხოშტარია როგორც იბრძვის ვაკეში, მე მომწონს”, — ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და “ნაციონალური მოძრაობის” პრემიერობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც სააკაშვილს ოპოზიციის ერთიანი ფორმატის რღვევაში ადანაშაულებს.

“ტვ პირველის” ეთერში ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ სააკაშვილს უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხა: “რა არის ეს, თქვენი აზრით? ეს არის თქვენი ყოფილი თანაგუნდელების წინასაარჩევნო ტაქტიკა, ეს არის მათი გულწრფელი ხედვა, თუ ეს არის ივანიშვილის ტაქტიკა?”

რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ამას პასუხი გასცა გუშინ ათენში ქართველებთან მისმა შეხვედრამ.

“ამაზე, მე მგონი, პასუხი გუშინ გასცა ათენში ათასობით ქართველმა. ალბათ, იხილეთ კადრები, თუ როგორ მხვდებოდნენ. ამას ვერ იყიდი ვერანაირი ფულით, ამას ვერ მოიგებ ვერანიარი ლოზუნგებით, ეს არ არის ბელადომანია. თქვენ ნახეთ, რა რეაქცია ჰქონდა ხალხს[…] ეს არის სიყვარული და მხარდაჭერა და ეფუძნება იმას, რომ მეც ეს ხალხი ძალიან მიყვარს. ეს არის ორმხრივი გრძნობა და ამას შეუძლიათ ბელოდამანია უწოდონ, რეტროგრადიზმი უწოდონ”, — განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურლანისტის დამაზუსტებელ კითხვაზე: “ანუ თქვენ არ გასცემთ პასუხს “ევროპული საქართველოს” ამ ტაქტიკას? ოპოზიციის ბევრმა წევრმა შეაფასა, რომ ეს ივანიშვილის წისქვილზე ასხამს მხოლოდ და მხოლოდ წყალს.”

სააკაშვილმა უპასუხა, რომ მას “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას ტაქტიკა მოსწონს.

“ნუ, ჰგავს ივანიშვილის ტაქტიკას, რომ მე არ მიმიშვას ქართველ ამომრჩეველთან. გუშინდელმა ათენმა, მე მგონი, ყველაფერს გასცა პასუხი. როგორც კი მე მიმიშვებენ ახლოს ქართველ ამომრჩეველთან, ისედაც ძალიან ბევრი მაგარი ლიდერია ადგილზე: ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, უამრავი სხვა სხვადასხვა პარტიებში, მაგალითად, ლაკა[ელენე] ხოშტარია როგორც იბრძვის ვაკეში, მე მომწონს და მომწონს ის, რომ მელია როცა წარადგინეს, გვერდზე დაუდგა რამდენიმე სხვა პარტიის წევრი”, — განაცხადა სააკაშვილმა.

გიგი უგულავა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციის ფორმატის რღვევაში ადანაშაულებს და ამ მიმართულებით ვანო მერაბიშვილის როლს გამოყოფს.

უგულავას თქმით, სააკაშვილს არ მოსწონდა ფორმატი, სადაც პირადად ის არ იყო ერთპიროვნული ლიდერი, რის გამო უხერხულობას მისივე თანაპარტიელებიც გრძნობდნენ. უგულავას თქმით, “ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილები თანხმდებოდნენ, რომ პროპორციულ ნაწილში საერთო სიაზე შეთანხმება არაფრის მომცემი იქნებოდა, თუმცა მაჟორიტარულში ეს აუცილებელი იყო, რასაც, მისი ინფორმაციით, ენმ-ის ადგილობრივი ლიდერებიც იზიარებდნენ.

როგორც უგულავა ამბობს, ოპოზიციური ერთობა, ივანიშვილის გარდა, მიზანში ამოიღო სააკაშვილმა და ყველაფერი გააკეთა ამ ერთობის დასაშლელად, რაშიც მას ციხიდან გამოსული ვანო მერაბიშვილი დაეხმარა. უგულავას თქმით, ამ ერთობის დაშლის წინააღმდეგ მიმართული იყო სააკაშვილის მიერ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შტაბად გადაკეთება მაშინ, როცა ოპოზიცია ლეიბორიტების ოფისში შეთანხმებულად აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

უგულავას განცხადებას გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია და თქვა, რომ ორ პარტიას შორის განსხვავებების საჩვენებლად “ევროპული საქართველოს” კამპანიის ფორმას არ იზიარებს.

“გასაგებია, რომ პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, ერთიანობის მიუხედავად, კონკურენციაა პარტიებს შორის და ითხოვს გარკვეული განსხვავებების ჩვენებას. თუმცა, გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ”, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

უგულავა: სააკაშვილი სერსეი ლანისტერივით მოიქცა, ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა

მასალების გადაბეჭდვის წესი