ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანი აზერბაიჯანული SU-25-ის ჩამოგდებას იუწყება, ბაქო უარყოფს

12 ოქტომბერი, 2020 •
ერევანი აზერბაიჯანული SU-25-ის ჩამოგდებას იუწყება, ბაქო უარყოფს

სომხური მხარე მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული მოიერიშე თვითმფრინავის, SU-25-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება, რასაც აზერბაიჯანული მხარე უარყოფს. თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეფანიანი ავრცელებს.

“აზერბაიჯანული საჰაერო ძალების SU-25 ტიპის მოერიშეები თურქული F-16-ების მხარდაჭერით მოქმედებენ საზღვრის გასწვრივ. არწახის (დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის) ძალებმა მოახერხეს ჩამოეგდოთ ერთი SU-25 ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე”, – ნათქვამია სომხური მხარის განცხადებაში.

აზერბაიჯანში მცდარი უწოდეს ოფიციალური ერევნის მიერ გაკეთებულ განცხადებას თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ვაგიფ დარგალის განცხადებით, სიცრუეა, რომ სომხურმა მხარემ აზერბაიჯანული მოერიშე ჩამოაგდო, რადგან ავიაცია ე.წ. ზავის დროს არ მუშაობს. ინფორმაციას აზერბაიჯანული APA ავრცელებს. “ჩვენ სრულად ვიცავთ ჰუმანიტარული ზავის პირობებს”, – აცხადებს დარგალი.

ამ დროისთვის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის ოფიციალურად ჰუმანიტარული ზავი მოქმედებს, რომელიც მოსკოვში, ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩართულობით, დაახლოებით 11 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიიღწა, თუმცა ორივე მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე ზავის პირობებს არღვევს.

კონფლიქტის დაწყებიდან მესამე დღეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის არმიის კუთვნილი სუ-25 ჩამოაგდო აზერბაიჯანის (კერძოდ კი, განჯის) საჰაერო ბაზიდან აფრენილმა თურქულმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა, F-16-მა, რაც იმ დღესვე უარყო აზერბაიჯანულმა მხარემ. შემდგომში, Aljazeera-სთან ინტერვიუში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით სომხური SU-25-ის ჩამოვარდნის მიზეზი გამოუცდელი პილოტი გახლდათ. 9 ოქტომბერს კი The New York Times-ის ვიზუალურ გამოძიებათა გუნდის მიერ გავრცელებულ განჯის აეროპორტის სურათზე საპასუხოდ, სადაც მოჩანს სულ მცირე 2 თურქული F-16, განაცხადა, რომ თურქული გამანადგურებლები აზერბაიჯანში წვრთნების დროს მოხვდნენ და ისინი არ მონაწილეობენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი