Interviewsახალი ამბები

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოშია — გამყრელიძე

12 ოქტომბერი, 2020 • 1134
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოშია — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რისკჯგუფებისთვის განკუთვნილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე ქვეყანაშია შემოტანილი. ამის შესახებ მან დღეს, 12 ოქტომბერს განაცხადა.

მისი განმარტებით, პირველ ეტაპზე ვაქცინით მაღალ რისკჯგუფებში მყოფი ადამიანები აიცრებიან.

“გუშინწინ შემოვიდა და გუშინ დასაწყობდა პირველი 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ოთხვალენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინის, რომელიც დღეს უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში. იცით, რომ ჩვენს სახელმწიფოს 135 ათასს დოზაზე აქვს კონტრაქტი და დანარჩენი 110 ათასი დოზა შემოვა 23 ოქტომბრის კვირაში. პირველ ეტაპზე ეს 25 ათასი დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე უფრო მაღალი რისკჯგუფებისთვის და პოლიკლინიკებში აიცრება ყველაზე მაღალი რისკჯგუფები. ესენი არიან, პირველ რიგში, ორსულები, მოხუცთა სახლების ბინადრები, ბავშვთა სახლების ბინადრები, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, ასევე აივ/შიდსითა და ჰეპატიტით ინფიცირებული, რომლებიც იმყოფებიან მკურნალობაზე, და დიალიზზე მყოფი პირები. პირველ ეტაპზე, სანამ დიდი პარტია შემოვა, აიცრება ეს ჯგუფები”, — განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, 23 ოქტომბრის შემდეგ, როცა ქვეყანაში ვაქცინის დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან დანარჩენი რისკჯგუფები. ესენი არიან სამედიცინო პერსონალი, დიაბეტით დაავადებულები, ქრონიკული რესპირაციული დაავადებების მქონეეები, 65 წელს ზემოთ თანმხლები და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები. ამ კატეგორიის პაციენტები ვაქცინას მიიღებენ უფასოდ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სახელმწიფო მუშაობს, რომ დამატებით 100 ათასი დოზის მობილიზება შეძლოს, რომლის ქვეყანაში შემოტანაც ასევე ოქტომბრის ბოლო-ნოემბრის შუა რიცხვებიდან იგეგმება.

რაც შეეხება ვაქცინას კერძო სექტორში, ის დეფიციტურია და, როგორც ფარმაცევტული კომპანიები აცხადებენ, მარაგებს უახლოეს რამდენიმე კვირაში შეავსებენ.

გრიპის ვაქცინაცია: როდის ავიცრათ, რამდენჯერ და რატომ?

მასალების გადაბეჭდვის წესი