ახალი ამბები

ლუკაშენკო დაკავებულ ოპოზიციონერებს შეხვდა

10 ოქტომბერი, 2020 • 1444
ლუკაშენკო დაკავებულ ოპოზიციონერებს შეხვდა

ალექსანდრე ლუკაშენკო მისივე მმართველობის პირობებში დაკავებულ პოლიტიკურ ოპონენტებს შეხვდა. ბელარუსის KGB-ს დაქვემდებარებაში არსებულ იზოლატორში ის 10 ოქტომბერს მივიდა და ქვეყნის სახელმწიფო მედიის თანახმად, ოპონენტებს საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებულ გეგმებზე ესაუბრა.

“ვცდილობ, დავარწმუნო არამხოლოდ თქვენი მხარდამჭერები, არამედ მთელი საზოგადოება, რომ საჭიროა საკითხების მეტად ფართოდ აღქმა”, – მიმართა ლუკაშენკომ დაკავებულებს, “რადიო თავისუფლების” თანახმად.

ლუკაშენკოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანან ლუკაშენკო და დაკავებული ოპოზიციონერები, მათ შორის, ვიქტორ ბაბარიკო: ბანკირი, რომელიც ერთ დროს ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად განიხილებოდა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს და დააკავეს. სურათზე ასევე ჩანან მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის დროს ჩამოყალიბებული ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრები – მაქსიმ ზნაკი და ლილია ვლასოვა.

ლუკაშენკოს ამ ნაბიჯს გამოეხმაურა სვეტლანა ტიხანოვსკაია – ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიჩნეული ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც მას შემდეგ ჩაერთო პოლიტიკაში, რაც მის მეუღლეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს და ბაბარიკოს მსგავსად, დააკავეს. ტიხანოვსკაიას შეფასებით, ლუკაშენკომ აღიარა პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რომელთაც იქამდე კრიმინალებს ეძახდა.


ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით გამარჯვებულად ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც 26 წელია, ქვეყანას მართავს. პოლიციის წინააღმდეგობისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავად, პროტესტის მასშტაბები მალე გაიზარდა.

ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ენდობიან ოფიციალურ რიცხვებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. თავად ლუკაშენკოს თქმით, გადადგომას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხედავს.

ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტის ფიცი დადო სექტემბერში, ინაუგურაციის ცერემონიალზე, რომლის თარიღიც გასაიდუმლოებული იყო. ცერემონია, რომელიც დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა, ტელევიზიით არ გადაიცემოდა.

არჩევნების შედეგებს აშშ და ევროკავშირი არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი