ახალი ამბები

რუსეთი: სოფლის გამგეობის დამლაგებელმა დაამარცხა თავისი უფროსი პუტინის პარტიიდან

10 ოქტომბერი, 2020 • 1674
რუსეთი: სოფლის გამგეობის დამლაგებელმა დაამარცხა თავისი უფროსი პუტინის პარტიიდან

მოსკოვიდან 500 კილომეტრით დაშორებული სოფლის გამგებელმა ადმინისტრაციული შენობის დამლაგებელს თავად სთხოვა, ადგილობრივ არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებულიყო. ახლა 35 წლის მარინა უდგოდსკაიას გამგებლის თანამდებობა უკავია, მისმა ყოფილმა უფროსმა კი კაბინეტი დაცალა და პოსტს დაემშვიდობა.

რუსეთში ადგილობრივი არჩევნები სექტემბერში ჩატარდა. სოფელ პოვალიხინოსა და მის გარშემო მდებარე კიდევ 29 სოფლის გამგებელს, ვლადიმერ პუტინის “ერთიანი რუსეთის” წევრს, ნიკოლაი ლოკტევს, მოსახლეობაში კონკურენტი არ გამოუჩნდა: კანდიდატად, მის გარდა, არავინ დარეგისტრირდა. იმისათვის, რომ არჩევნები შემდგარიყო, ლოკტევმა სოფლის ადმინისტრაციული შენობის დამლაგებელს სთხოვა, ფორმალურად დარეგისტრირებულიყო კანდიდატად.

ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრის თქმით, ლოკტევი არ ელოდა, რომ ადმინისტრაციის დამლაგებელს ვინმე მისცემდა ხმას. თუმცა, ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ის ელოდა: მოსახლეობის 62%-მა სწორედ “ფორმალურ” კანდიდატს, მარინა უდგოდსკაიას დაუჭირა მხარი.

BBC-ის ცნობით, სოფელში აქტიური საარჩევნო კამპანია არ ჩატარებულა. არ ყოფილა შეხვედრები ამომრჩეველთან, ბილბორდები თუ პლაკატები. ახლა, მედიის ყურადღების ცენტრში მყოფი გამარჯვებული ამბობს, რომ პოლიტიკით დაინტერესებული არ ყოფილა, არც ცნობადობა სურს და უნდა, ისე იცხოვროს, როგორც მანამდე.

“კონცენტრირდებიან იმ ფაქტზე, რომ მე დამლაგებელი ვარ. დამლაგებელი რა, ადამიანი არ არის?” – ციტირებს მას “რადიო თავისუფლება”.

ამბობს, რომ თავდაპირველად შეშინებული იყო, თუმცა აპირებს, იმუშაოს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, რომელზეც აირჩიეს.

“რატომაც არ უნდა ვცადო? ვფიქრობ, იმუშავებს”, – აცხადებს ის.

საზოგადოების ნაწილი რუსეთის ერთი პატარა სოფლის მაგალითზე საუბრობს პუტინის პარტიის შემცირებულ პოპულარობაზე და ცვლილებების მომლოდინე რიგით მოქალაქეებზე, რომლებიც დაიღალნენ.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, რომელიც ადგილზე ჩავიდა, სოფელ პოვალიხინოში 250 ადამიანი ცხოვრობს და ის უდიდესი სოფელია რაიონში. სხვა დასახლებული პუნქტების უმრავლესობა მიტოვებულია, ახალგაზრდობა კი დიდი ქალაქებისკენ მიიწევს.

“რა მოგვცა ჩვენ [მმართველმა პარტიამ] “ერთიანმა რუსეთმა”? შესაძლოა, ის რაღაცას აკეთებს მოსკოვში, მაგრამ პროვინციისთვის – არაფერს. სოფელი იშლება”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ზოგიერთი აღნიშნავს იმასაც, რომ კონკრეტულად ამ სოფელში, იმჟამინდელი გამგებლის წინააღმდეგ მოსახლეობის გაერთიანება პერსონალური საკითხი იყო, ვინაიდან ნიკოლაი ლოკტევმა დიდი ხნის წინ შეწყვიტა საქმის კეთება. თავად ყოფილი გამგებელი უარყოფს აღნიშნულს, ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებდა რაც საჭირო იყო და ხალხს, უბრალოდ, ცვლილება სურდა.

“ვფიქრობ, რომ ის[მარინა] გაუმკლავდება [ამ თანამდებობას]. მთელი სოფელი დაეხმარება. რა თქმა უნდა, მის განათლებას ცოტათი გაუმჯობესება სჭირდება”, – ამბობს სოფლის მაღაზიის გამყიდველი BBC-სთან საუბრისას.

იმ პარტიის ლიდერი კი, რომელიც უდგოდსკაიას კანდიდატურას მხარს უჭერდა, ახლადარჩეულ გამგებელზე საუბრისას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის ისტორიას იხსენებს. მისი თქმით, სვეტლანა ტიხანოვსკაია არჩევნებამდე დიასახლისი იყო, პოლიტიკისგან შორს, თუმცა ახლა თავისი პოპულარობის პიკზეა.

რაიონის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაეხმარებიან ახლადარჩეულ გამგებელს ბიუჯეტის, გადასახადებისა და სხვა საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.

რუსეთში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარე წლის სექტემბერში ჩატარდა. ეკონომიკური პრობლემებისა და პანდემიის კრიზისის ფონზე, აღნიშნულ არჩევნებს არაერთი დამკვირვებელი განიხილავდა, როგორც ტესტს მმართველი პარტიისთვის “ერთიანი რუსეთი”, რომლის მიმართაც უკმაყოფილება მზარდია.

არჩევნებს ასევე უძღოდა წინ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მიერ წამოწყებული კამპანიაც, რომლის ფარგლებშიც ის მოსახლეობას ტაქტიკურად ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა, მმართველი პარტიის ძალაუფლების შესარყევად. შედეგად, ქალაქების საბჭოებში მისი არაერთი თანაგუნდელი არჩიეს.

ფოტო გარეკანზე: RIA

მასალების გადაბეჭდვის წესი