ნეტგაზეთი | მელაშვილსა და ილიჩოვას სოლიდარობა პარლამენტთან გამოუცხადეს მელაშვილსა და ილიჩოვას სოლიდარობა პარლამენტთან გამოუცხადეს – Netgazeti
RU | GE  

მელაშვილსა და ილიჩოვას სოლიდარობა პარლამენტთან გამოუცხადეს

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიოჩვას, სოლიდარობა პარლამენტთან, აქციაზე გამოუცხადეს. შეკრების ორგანიზატორი მოძრაობის “სირცხვილია” წევრები და სხვები მიიჩნევენ, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და დაკავებული კარტოგრაფები უნდა გათავისუფლდნენ.

აქციას შეუერთდნენ როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები. კარტოგრაფების დაკავებას პროტესტის მონაწილეები მმართველ პარტიას უკავშირებენ. პარლამენტის წინ არაერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ საქმე “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ, “პოლიტიკური ქულების დასაწერად” სჭირდება.

კარტოგრაფების მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

კარტოგრაფების მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“ჩვენ შეგვიძლია, დაკავებულ, უდანაშაულო ადამიანებს, ყოველწუთიერად, ყოველწამიერად, მუდმივად ვაგრძნობინოთ, გავამხნევოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენ არა მარტო არ მიგვაჩნია ისინი რაიმე შეცდომის ან მით უმეტეს ქვეყნის ღალატის ჩამდენად, არამედ ჩვენ მათთან ვართ და ისინი ჩვენები არიან; ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ამ ადამინების არამარტო სიცოცხლისა და მალე გათავისუფლების, არამედ, ამ ადამიანების ღირსების წინაშე; რომ 37 წელი არ მოუწყონ მათ და საშინელ ბრალდებებზე, რომლებიც შორს არის სიმართლისგან, ხელი არ მოაწერინონ”, – აღნიშნა “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ბერძენიშვილმა, აღნიშნულ საქმეზე საუბრისას, გაიხსენა ე.წ. ფოტოგრაფების საქმე, რომლის ფარგლებშიც, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, ფოტორეპორტიორები ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ბერძენიშვილის სიტყვებით, საზოგადოების ამოცანაა არ დაუშვან მელაშვილისა და ილიჩოვას ჩაყენება იმ მდგომარეობაში, “რა მდგომარეობაშიც წინა ხელისუფლებამ ფოტოგრაფები ჩააყენა და მათ საკუთარ თავზე დაიბრალეს ის, რაც არ ჩაუდენიათ”.

ივერი მელაშვილის მეუღლე მიმართავს აქციის მონაწილეებს. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ივერი მელაშვილის მეუღლე მიმართავს აქციის მონაწილეებს. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

აქციას შეუერთდა ვალერი მელაშვილის მეუღლეც: თამარ სულაძემ “კარტოგრაფების საქმე” შეაფასა “მართულ პროცესად”, რომლის ფარგლებშიც მმართველ პარტიას საარჩევნო ხმების მოპოვება სურს.

“ეს არის დიდი უსამართლობა, ზევიდან მართული, პოლიტიკურად მართული პროცესი, აგორებული პოლიტიკური პიარისთვის, რატა მოეშორებინათ მეორე ძალა და თავად აეღოთ მეტი ხმები, რისთვისაც სრულიად უდანაშაულო ხალხი მსხვერპლად გაიღეს.

ეს საქართველოს სირცხვილიც არის, როცა პატრიოტ ადამიანს, რომელიც მხოლოდ თავის ქვეყანაზე ზრუნავდა, ციხეში სვამენ იმის გამო, რომ რამოდენიმე ხმა მოიგონ თავიანთი აგორებული პიარის გამო.

არ ვიცი, ვის თავში მოიხარშა ეს სიბინძურე. შეიძლება, კიდევ რამე მოიფიქრონ არჩევნებამდე. ძალიან მეშინია. მეშინია მისი ჯანმრთელობის გამო, ყველაფრის გამო”, – მიმართა მან აქციის მონაწილეებს და საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდა.

“კარტოგრაფების საქმე”

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან