ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთიდან გადმოყვანილ ახალშობილს თბილისში რთული ოპერაცია ჩაუტარდა

8 ოქტომბერი, 2020 • 1223
აფხაზეთიდან გადმოყვანილ ახალშობილს თბილისში რთული ოპერაცია ჩაუტარდა

აფხაზეთიდან გადმოყვანილ ახალშობილს თბილისში რთული ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემ ნეტგაზეთს განუცხადა,  12 დღის ჩვილს კუჭ-ნაწლავის სისტემის რთული პათოლოგია ჰქონდა.

“იყო განვითარების თანდაყოლილი ანომალია, ჩვილი უმძიმეს მდგომარეობაში სიკვდილს ებრძოდა. თბილისში დაისვა ზუსტი დიაგნოზიც. აფხაზეთში ქირურგი, რომელიც ამ დონის ოპერაციას გააკეთებდა, არ ჰყავთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, პაციენტის მიღებაზე სოჭის კლინიკებმაც უარი განაცხადეს”, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.

მისივე თქმით, დოკუმენტებთან დაკავშირებული გარემოებების გამო ახალშობილი თბილისში ჩამოიყვანეს მარტო, მშობლებისა და თანმხლები პირის გარეშე.

“ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, ჩვენთან ერთად უყოყმანოდ ბატონმა ვანიკო ჩხაიძემ გაიზიარა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა. ურთულესი ოპერაცია ქირურგმა, ბატონმა ზვიად ბულისკერიამ  შეასრულა”.

პოსტოპერაციული პერიოდიდან გაწერამდე კი ახალშობილი პაციენტი იაშვილის კლინიკის წარმომადგენელთა პატრონაჟის ქვეშ გადავიდა.

“გამოჯანმრთელებული პატარა მშობლებს დაუბრუნდა, რომლებიც უსაზღვროდ ემადლიერებიან საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ ჯანდაცვას და ექიმებს”, – აცხადებს ბაკარაძე.

აფხაზეთიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილი პაციენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

ფოტო ქეთევან ბაკარაძის ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი