ახალი ამბები

“გირჩი” დინამოს წინ შეკრებას მართავს, სადაც ეკრანზე ფეხბურთსაც უჩვენებენ

8 ოქტომბერი, 2020 • 2091
“გირჩი” დინამოს წინ შეკრებას  მართავს, სადაც ეკრანზე ფეხბურთსაც უჩვენებენ

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მოქალაქეებს ფეხბურთის საყურებლად და “მასთან სასაუბროდ” ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონის წინ ეპატიჟება. ჯაფარიძის თქმითვე, სტადიონის წინ ეკრანი დამონტაჟდება, სადაც მისულ მოქალაქეებს ფეხბურთის ყურება შეეძლებათ. დღეს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩი უნდა გაიმართოს.

“ყველა სახელმწიფო სტრუქტურა აღიარებს, რომ როგორც პარტიას უფლება გვაქვს, შეხვედრა მოვაწყოთ, მათ შორის, ფეხბურთის ტრანსლირებაც შეიძლება იყოს. საპატრულო პოლიციაც მოსულია. რამდენიმე მათგანს ველაპარაკე, ავუხსენი, რომ თუ აქ ბევრი ხალხი შეიკრიბა, შეიძლება ქუჩაზე გადასვლაც მოგვიწიოს. საპატრულო პოლიცია მეუბნება, რომ მზად არიან, საგზაო მოძრაობა დაარეგულირონ”, – ამბობს ჯაფარიძე. პარტიის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ 19:00 საათზე იქნება პარტიული შეკრება, შემდეგ კი ფეხბურთს უყურებენ.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ჯაფარიძეს მერიიდან ნებართვა სტადიონის წინ ღონისძიების მოწყობაზე მაშინ, როცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეიბიდან გამომდინარე ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, დღევანდელი მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდეს. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ნებართვა საჭირო არ არის, თუ საქმე პარკს ან სკვერს არ ეხება.

“გირჩმა” მერიას აცნობა ამ აქციის შესახებ და მერიამ ეს ცნობად მიიღო. მერიის ნებართვა არ სჭირდება, თუ პარკი ან სკვერი არ არის”, – აცხადებენ მერიაში.

5 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ  საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართებოდა. ფედრაციის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესახებ. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, “დინამო არენას” ტევადობიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლის საერთო რაოდენობის 30%-იც კი, დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩი 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის “დინამო არენაზე” გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი