ახალი ამბები

კახეთში დრონების ჩამოვარდნაზე გამოძიება ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევის მუხლით დაიწყო

8 ოქტომბერი, 2020 • 1208
კახეთში დრონების ჩამოვარდნაზე გამოძიება ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევის მუხლით დაიწყო

კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით დაიწყო, რაც ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამნისტროში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს, 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე, 112-ზე შევიდა შეტყობინება კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ.

სამინისტროს ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა უწყებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომუნიკაცია სომხეთის და აზერბაიჯანის მხარეებთან. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გადამოწმებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი