ახალი ამბებიეკონომიკა

საქსტატი: 2019 წელს საშუალო ხელფასი 5.7%-ით გაიზარდა და 1 129.5 ლარი იყო | დათვლის ხერხი იგივეა

8 ოქტომბერი, 2020 • 1966
საქსტატი: 2019 წელს საშუალო ხელფასი 5.7%-ით გაიზარდა და 1 129.5 ლარი იყო | დათვლის ხერხი იგივეა

2019 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.7 პროცენტით (61.2 ლარით) გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

რიცხვი, რასაც საქსტატი დაქირავებით დასაქმებულების საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასად ასახელებს, გამოანგარიშებულია ფორმალურ სექტორში სხვადასხვა საწარმოს საერთო სახელფასო ფონდის შეფარდებით დასაქმებულთა რაოდენობასთან და არ მოიცავს არაფორმალური სექტორის, ანუ თვითდასაქმებულთა,შემოსავლებს. გაანგარიშებისას გამოყენებული ხელფასის რაოდენობა, ხელფასთან ერთად, მოიცავს პრემიებს, დანამატებსა და ზეგანაკვეთური შრომისას მიღებულ დამატებით ანაზღაურებას. ნომინალური ხელფასის დასადგენად ჩატარებული კვლევა ფარავს როგორც კერძო სექტორს, ასევე, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირების შემოსავლებსაც.

ეს მაჩვენებელი, რომელიც მხოლოდ ფორმალურ სექტორს მოიცავს და საშუალო არითმეტიკული მეთოდითაა გამოანგარიშებული, ვერ აღწერს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულებს შორის სახელფასო სხვაობას.

გაზრდილი ხელფასები 

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. მათ შორის, პროფესიულ სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობაში დაფიქსირდა 10.7%-იანი ზრდა, რამაც შეადგინა 1 896 ლარი. საქსტატის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ხელფასები 5.1%-ით გაიზარდა მშენებლობაშიც და 1 631.1 ლარს მიაღწია.

ხელფასები შემცირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში – 2 030.2 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 9.2 პროცენტით) და სხვა სახის მომსახურებაში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი -869.1 ლარით, ხოლო კაცების – 1 361.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად, ქალებში – 5.7 პროცენტი, კაცებში – 6.3 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

ხელფასებს შორის გენდერული ნაპრალი 2001-2018 წლებში. წყარო: საქსტატი

 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი ნაკლებია კერძო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე. 2019 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 237.4 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2018 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 4.1 პროცენტით გაიზარდა და, შესაბამისად, 973.7 და 1 211.1 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებს შორის სხვაობბა 2001-2019 წლებში. წყარო: საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, რეგიონულ ჭრილში, ყველაზე მაღალი შემოსავლები თბილისში, ხოლო ყველა მცირე რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონშია.

საშუალო ნომინალური ხელფასი რეგიონების მიხედვით (2019). წყარო: საქსტატი

საშუალო არითმეტიკული vs მედიანური მეთოდი

ამჟამად საქსტატი ხელფასებს გამოითვლის საშუალო არითმეტიკული მეთოდით, როდესაც არსებობს უფრო მოსახერხებელი მეთოდი — მედიანური მაჩვენებლით დათვლა. საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას. მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია.

მაშინ, როდესაც „ნეტგაზეთი“ ამ თემაზე მუშაობდა, საქსტატი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ხელფასის მედიანურად დათვლა სურათის უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც ხელფასის სიდიდეებს შორის განსხვავება არსებითია.

თუმცა, მათ თანახმად, აქ ძირითადი სირთულეები რესპონდენტებისგან — კვლევის მონაწილე საწარმოებისგან და ორგანიზაციებისგან — დეტალიზებული მონაცემების მიღებას უკავშირდება.

საქსტატი ხელფასების შესახებ მონაცემებს იღებს არა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან, არამედ დამოუკიდებელი კვლევიდან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში არსებული 15 000-მდე საწარმოსგან და ორგანიზაციისგან იღებენ ხელფასების შესახებ მონაცემებს.

თუმცა ეს მონაცემები მოიცავს არა ინდივიდუალურ მონაცემებს, რაც მედიანური ხელფასის გამოსათვლელადაა საჭირო, არამედ დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს.

მაგალითად, თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, საშუალო ხელფასი 1625 ლარი გამოდის, მედიანური კი — 500.

საშუალო არითმეტიკულით გამოთვლისას, მაღალი ხელფასების მაჩვენებლები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ნაკლებ ადამიანს ჰქონდეს, ძლიერად იმოქმედებს საბოლოო რიცხვზე და გაზრდის მას. ეს სხვაობა მედიანურად დათვლისას უკეთ გამოჩნდება.

ამასთან, დასახელებული ხელფასები ეფუძნება საქსტატისეულ კვლევას სხვადასხვა საწარმოში. კვლევის შერჩევისა და მეთოდოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გირჩევთ, წაიკითხოთ „ნეტგაზეთის“ 2018-19 წლების არქივიდან:

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი

როგორ ითვლიან საშუალო ხელფასს საქართველოში – მხარეთა დამატებითი არგუმენტები

მასალების გადაბეჭდვის წესი