ახალი ამბები

გორში მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი ნაწლავური ვირუსული ინფექციაა – ექიმი

8 ოქტომბერი, 2020 • 937
გორში მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი ნაწლავური ვირუსული ინფექციაა – ექიმი

გორში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირებული ინტოქსიკაციის მასობრივი შემთხვევების მიზეზი ნაწლავური ვირუსული ინფექცია – ნოროვირუსი გახდა. ამის შესახებ დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანას” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ნოროვირუსი გორში შესაძლოა ადამიანების ერთმანეთთან კონტაქტით გავრცელდა, თუმცა საბოლოო პასუხების მისაღებად რამდენიმე დღეა საჭირო:

“გაირკვა, რომ ლოკალური ნაწლავური ინფექციის აფეთქების მიზეზი არის ნოროვირუსი. ეს მიეკუთვნება ნაწლავური ვირუსული ინფექციების ჯგუფს. კვლევები ისევ გრძელდება და უახლოეს დღეებში ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხებს ველოდებით. ამის შემდეგ გვეცოდინება საბოლოო მიზეზი.

ნაწლავური ვირუსული ინფექციები, კერძოდ კი, ნოროვირუსი, უპირატესად წლის ცივ პერიოდში ვრცელდება და ადამიანებს ძალიან დიდი მიმღებლობა აქვთ ამ ვირუსის მიმართ. “, – განაცხადა ლაზარაძემ.

მისი თქმით, ბაქტერიოლოგიურ კვლევას ვირუსოლოგიურთან შედარები, მეტი დრო სჭირდება, რის შემდეგაც ვირუსის გამომწვევი მიზეზიც გახდება ცნობილი.

რაც შეეხება დაინფიცირებულ ადამიანებს, ლაზარაძის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკიდან ყველა პაციენტი გაწერილია და ლოკალური ეპიდაფეთქება “პრაქტიკულად ამოწურულია”.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის დასაზუსტებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გადაგვამისამართეს. გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კი დაგვიდასტურეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მათთან უნდა გადაგვემოწმებინა, თუმცა ინფორმაციის მოწოდებაზე ამ ეტაპზე უარი გვითხრეს.

რამდენიმე დღის განმავლობაში გორის მოსახლეობის ნაწილს ინტოქსიკაციის სიმპტომები აღენიშნებოდა, განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა კი კომბინატის დასახლებაში გამოვლინდა, მათ შორის იყვნენ ბავშვები. მათი სიმპტომები ძირითადად მსგავსი იყო: ღებინება, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი და დიარეა. უცნობია მოწამლული ადამიანების ზუსტი რაოდენობა, თუმცა, როგორც “ნეტგაზეთს” კომბინატის დასახლებაში მდებარე გორის მეშვიდე და მეათე სკოლების დირექტორებმა განუცხადეს, ორშაბათს, 5 ოქტომბერს, ორივე სკოლაში, საერთო ჯამში, 260-მდე ბავშვი არ მივიდა. დირექტორების ცნობით, მშობლების დიდმა ნაწილმა ბავშვების სკოლაში არგამოცხადების მიზეზად სწორედ ინტოქსიკაცია დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი