ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ირანი: აზერბაიჯანმა ბოდიში მოიხადა ჩვენი ტერიტორიის შემთხვევით დაბომბვისთვის

7 ოქტომბერი, 2020 • 1707
ირანი: აზერბაიჯანმა ბოდიში მოიხადა ჩვენი ტერიტორიის შემთხვევით დაბომბვისთვის

ირანის პოლიციის უფროსის მოადგილე, გენერალი ყასემ რეზაი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფომ ირანის ტერიტორიაზე შემთხვევით ნასროლი ჭურვების გამო ბოდიში მოიხადა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი გამოცემა, Tasnim ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, საუბარია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, საზღვართან მდებარე ქალაქ თაბრიზში მომხდარ ინციდენტზე, როცა ქალაქში აზერბაიჯანული ჭურვები ჩამოცვივდა.

გამოცემის ცნობით, გენერალმა პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ ირანის სასაზღვრო ძალებმა ოფიციალურად გააფრთხილა ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე მხარეები მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე წინასწარი განზრახვის გარეშე არაერთი ჭურვი ჩამოვარდა და განაცხადა, რომ მხარეებმა შეცდომა აღიარეს.

გენერალი რეზაე ასევე აცხადებს, რომ პირადად შეხვდა აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებს, რომელთაგანაც მომხდარის გამო ბოდიში მიიღო.

მისივე თქმით, აზერბაიჯანული და სომხური სამხედრო ძალებისგან მიიღო პირობა, რომ შეასწორებენ სასროლ კუთხეს, რათა ირანელი ფერმერები და სასაზღვრო რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა არ დაზარალდეს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო. ორივე მხარეს არის მსხვერპლი.

ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და მასთან დაკავშირებულ საკითხების შესახებ ამბებს გაეცანით აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი