ახალი ამბები

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს

7 ოქტომბერი, 2020 • 1714
აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს

აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

ამის შესახებ განცხადება მთავარ პროკურატურაში გაკეთდა. პროკურატურა ამბობს, რომ დაკავებულთა მოტივაციის დადგენაზე მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.

გენერალურ პროკურატურაში 17 აგვისტოს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიებამ, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერების შესწავლა დაიწყო. პროკურატურის ცნობით, საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა 60-მდე პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის საქართველოს ეროვნული არქივიდან, საჯარო რეესტრის, სასაზღვრო პოლიციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივებიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ეროვნული ბიბლიოთეკიდან, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული იქნა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის, კარტოგრაფიული მასალები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და დადგინდა შემდეგი:

  • საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ 1938 წელს ორმხრივად შეთანხმდა.
    კერძოდ, 1938 წლის მარტში საქართველოს და აზერბაიჯანის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანოებმა დაამტკიცეს 1:500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილი ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.
  • საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის წარმოიშვა სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენის აუცილებლობა, რა მიზნითაც 1994 წელს შეიქმნა საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია.
  • 1996 წლის ივნისში საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები ერთობლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრის დადგენის საფუძველი იქნებოდა 1938 წელს, მათ შორის, ორმხრივად დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.
  • საქართველოს სამთავრობო კომისიის ერთ-ერთ წევრი და, ამავდროულად, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ი. მ. და მასთან ერთად ამ პროცესს წარმართავდა კომისიის ექსპერტ-კარტოგრაფი ნ. ი. ხსენებული პირები, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის განხორციელების მიზნებისათვის, ვალდებულნი იყვნენ ჩაეტარებინათ გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, მოეძიებინათ შესაბამისი რუკები და სხვა მასალები, მოეხდინათ მათი შეჯერება, ანალიზი და მათ საფუძველზე შეედგინათ საქართველოს საზღვრის ამსახველი რუკის ალბომები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს შესაბამისი აუცილებელი საექსპერტო კვლევების ჩატარება და აღნიშნულ პროცესში არ ჩართეს კარტოგრაფიის დარგის სპეციალისტები.

“სწორედ ბრალდებულთა მიერ შედგენილ ალბომებში ხდებოდა მათ მიერვე შეთანხმებული საზღვრის ამსახველი მონაკვეთების დატანა, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენდა ორ სახელმწიფოს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, საზღვარზე მოლაპარაკება-შეთანხმების პროცესის ძირითად სახელმძღვანელო მასალას. ბრალდებულებს ევალებოდათ, შეექმნათ კონსტიტუციურ პრინციპებზე და რელევანტურ კარტოგრაფიულ მასალაზე დაფუძნებული რუკის ალბომები, სადაც დატანილი იქნებოდა საქართველოს რეალური, ისტორიული საზღვარი (1938 წ), რაც გახდებოდა ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნ.ი-ს სამუშაო კაბინეტში”, – აცხადებს პროკურატურა.

უწყების ცნობით, კომისიის წევრებისთვის ხელმისაწვდომი იყო დასახელებული რუკის მხოლოდ ასლი და მათ მიერ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რომ მომხდარიყო ამ რუკის გამოყენება საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, ბრალდებულები, იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა რუკის დედანი, მისი ასლი კი არ იყო ავთენტური დოკუმენტი, მის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდნენ.

“ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. კერძოდ, ი.მ-მა და ნ.ი-მ დელიმიტაციის პროცესში სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან”, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა გამოძიებას არ გადასცა მის ხელთ არსებული 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი მასშტაბის რუკები, რომლებიც მან საზღვრების დელიმიტაციის პროცესში რეალურად გამოიყენა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და აღნიშნული მასალების მოპოვება გამოძიებამ მხოლოდ ი.მ-ს კუთვნილ სამუშაო ოთახში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად შეძლო.

მას შემდეგ, რაც გამოძიებამ მოიპოვა 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, პროკურატურის განცხადებით, მათი შესწავლისა და შეთანხმებულ საზღვრის ხაზთან შედარების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ იქნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც ჩართული იქნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და კარტოგრაფიული დარგის წამყვანი ექსპერტები.
მიღებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, “რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით-გარეჯთან მიმართებაში”.

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ჩატარებული ექსპერტიზით ასევე დადგინდა, რომ 1:500 000 მასშტაბში მომზადებული ამონახაზი, რომლითაც ბრალდებულების განმარტებით ხელმძღვანელობდნენ საზღვრების დელიმიტაციისას და ეს იყო მათი ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი, როგორც კარტოგრაფიული პროდუქტი, ვერ გამოდგება შესასრულებელი კარტოგრაფიული სამუშაოს საფუძვლად, რადგან ასეთი ამონახაზები არ მოიცავს სრულფასოვან ტოპოგრაფიულ ინფორმაციას, მასზე არ არის დატანილი ადგილმდებარეობის გეოგრაფიული ობიექტები და ტოპოგრაფიული ელემენტები (მწვერვალები, მყარი წერტილები, სიმაღლითი ნიშნულები, გზათა გადაკვეთები, დასახლებული პუნქტები და სხვა).

“რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს. სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა”, – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

მისი თქმით, მელაშვილის და ილიჩოვას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე. საგამოძიებო უწყება სასამართლოს მიმართავს ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა გამოიკვეთოს, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე და “არ არის გამორიცხული, რომ სხვა პირთა პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს”.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 29 სექტემბერს თქვა, რომ “მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა, “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობდა, რომ ნებისმიერი ბრალდება საქართველოს ინტერესების საზიანოდ ტერიტორიის უცხო ქვეყნისთვის გადაცემაზე აბსურდულია და დიდი ალბათობით, პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

“დეტალებზე საუბრის უფლებამოსილება არ მაქვს, თუმცა, ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მტკნარი ტყუილი. არავითარი დათმობა არ ყოფილა და ვერც მოხდებოდა, ასეთი რამე არ შეიძლება. ვისაც თავში მოუვიდა ამისთანა აზრი, მის ნამუსზე და სინდისზე იყოს. თითიდან გამოწოვილი, საზიზღარი, საძაგელი ბრალდებაა და დაახლოებით ვიცი, საიდან გამომდინარეობს, მაგრამ არაუშავს, ჩაატარონ ექსპერტიზა და ნახონ…

ვის მოუვიდა თავში და რა მისიით, სხვა საკითხია და მე არ ვერევი… ეს არის ნამდვილად ამაზრზენი ჩანაფიქრი, რომ ამის გამო ვიღაცამ რაღაც ქულა მოიპოვოს. სავარაუდოდ, პოლიტიკურ პროცესებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ამ საკითხის პოლიტიკასთან დაკავშირება თვითონ საკითხის გადაწყვეტას ვნებს. საერთოდ, ამ თემის დეტალების განხილვაც მედიაში ვნებს დელიმიტაციის პროცესს”, – განაცხადა მელაშვილმა.

ივერი მელაშვილი, ასევე, აღნიშნავს, რომ  არავითარი ახალი  რუკები არ გამოჩენილა ამ მიმართლებით, რომელიც მანამდე არ არსებობდა და დღესაც გარკვეულ საიტებზე იძებნება.

“მაგრამ საქმე ის არის, ვინ რა გამოყენება შეიძლება მისცეს. მე რაც ვიცი და ანალიზები გამიკეთებია, ეგ რუკები საქმისთვის ვერ გამოდგება”, – ამბობს მელაშვილი.

მისი თქმით, სამთავრობო კომისია ხელმღვანელობდა და დღემდე ხელმძღვანელობს დოკუმენტებით, ხოლო რამე გათელილ რუკაზე აპელირება არასწორი მიდგომაა და მეორე მხარესთანაც [აზერბაიჯანთან] არასწორი იქნება.

ამ თემაზე:

პროვოკაცია თუ სახელმწიფო ინტერესების დაცვა – რატომ იძიებს პროკურატურა დავითგარეჯას საკითხს?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი