ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყველა ბავშვის ინტერესია“ – UNICEF ყარაბაღზე

7 ოქტომბერი, 2020 • 713
„ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყველა ბავშვის ინტერესია“ – UNICEF ყარაბაღზე

გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF ეხმაურება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის განახლებას მთიანი ყარაბაღის გარშემო და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.

„უკვე 10 დღეა, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეტაკებები მკვეთრად იზრდება. უკვე ვრცელდება ინფორმაცია ოთხი ბავშვის დაღუპვისა და შვიდის დაშავების შესახებ, და თუ საბრძოლო მოქმედებები არ დასრულდება, ეს მაჩვენებლები ტრაგიკულად გაიზრდება“, – წერს ორგანიზაცია.

მათივე განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ნადგურდება სახლები, ზიანდება სკოლები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შემდგომი ზიანისგან, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“, – წერია განცხადებაში.

„საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყველა ბავშვის ინტერესს წარმოადგენს“, – აცხადებს UNICEF.


აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები კვლავ ვერ თანხმდებიან მოლაპარაკებების დაწყებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე.

ცოტა ხნის წინ ილჰამ ალიევმა მოლაპარაკებების დასაწყებად წინაპირობები წარადგინა, სადაც ნათქვამია, რომ სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია უნდა დატოვოს და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს.

თავის მხრივ, სომხეთი მოლაპარაკებების დაწყებას 1994-1995 წლების შეთანხმებების პირობებში ითხოვს, რაც აზერბაიჯანისთვის მიუღებელია.


გარეკანის ფოტოზე: თავშესაფარი სტეპანაკერტში საომარი მოქმედებების დროს. ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

გირჩევთ, წაიკითხოთ:

4 სისტემური ცვლილება ყარაბაღის კონფლიქტში

მასალების გადაბეჭდვის წესი