„სომხების ფონდ ჰაიასტანის“ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის დასახმარებლად 66,8 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეგროვდა.
ორგანიზაციის თანახმად, ეს თანხმა მთიანი ყარაბაღის მორიგი ომის დაწყებიდან, 27 სექტემბრიდან დღემდე, ანუ 10 დღეში მოგროვდა.
აღნიშნული ფონდი 1992 წელს შეიქმნა და უდიდესი არაკომერციული ორგანიზაციაა სომხეთში, რომელიც, ვებგვერდის თანახმად, 1300-ზე მეტ პროექტს კურირებს განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, სასოფლო განვითარების და განსახლების სფეროებში.
როგორც ქართულ-სომხური გამოცემა „ალიქ მედია“ წერს, საქართველოდან, კერძოდ კი ჯავახეთიდან, ყარაბაღელი სომხების დასახმარებლად 1 მლნ ლარამდე ოდენობის თანხა შეგროვდა (დაახლოებით 300 000 აშშ დოლარი).
27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა და დღემდე გრძელდება.
აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები კვლავ ვერ თანხმდებიან მოლაპარაკებების დაწყებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე.