ახალი ამბები

წყალმომარაგების კომპანია ირწმუნება, რომ გორში წყალი დაბინძურებული არ არის

6 ოქტომბერი, 2020 • 1125
წყალმომარაგების კომპანია ირწმუნება, რომ გორში წყალი დაბინძურებული არ არის

მას შემდეგ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გორში არსებულ კლინიკებს ათეულობით ბავშვმა მოწამვლის სიმპტომებით მიმართა და მოსახლეობას წყლის დაბინძურებაზე ეჭვი გაუჩნდა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქში სასმელი წყალი შეამოწმა. კომპანია ირწმუნება, რომ გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფლებს.

“წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ გორში წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით გაფართოებული კვლევა დაასრულა, რომლის შედეგების მიხედვითაც, გორში სასმელი წყალი სრულად აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს. წყლის სინჯები კომპანიის ლაბორატორიის მიერ კომბინატის დასახლების რამდენიმე ქუჩაზე იქნა აღებული”, – აცხადებს გაერთიანებული კომპანია.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატოროს მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია და სტანდარტების შესაბამისად არის დაცული. სწორედ ამ ტერიტორიიდან მიწეოდება წყალი ქალაქის დიდ ნაწილს. ასევე, განცხადების მიხედვით, დაცულია სათავე ნაგებობა და საქლორატორო ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრებიც.

ამასთან, გაერთიანებული წყალმომარაგების ცნობით, კომპანია ყოველდღიურად იღებს ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან წყლის სინჯებს და გასულ დღეებში სინჯების მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებს.

რამდენიმე დღეა, რაც გორის მოსახლეობის ნაწილს ინტოქსიკაციის სიმპტომები აღენიშნება, განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა კი კომბინატის დასახლებაში გამოვლინდა, მათ შორის არიან ბავშვები. მათი სიმპტომები ძირითადად საერთოა: ღებინება, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი და დიარეა. ამ დროისთვის უცნობია მოწამლული ადამიანების ზუსტი რაოდენობა, თუმცა, როგორც “ნეტგაზეთს” კომბინატის დასახლებაში მდებარე გორის მეშვიდე და მეათე სკოლების დირექტორებმა განუცხადეს, გუშინ ორივე სკოლაში, საერთო ჯამში, 260-მდე ბავშვი არ მივიდა. დირექტორების ცნობით, მშობლების დიდმა ნაწილმა ბავშვების სკოლაში არგამოცხადების მიზეზად სწორედ ინტოქსიკაცია დაასახელა.

ასევე, უცნობია ადამიანების ინტოქსიკაციის ზუსტი მიზეზი, თუმცა მოსახლეობის ნაწილი მოწამვლის შემთხვევებს სასმელ წყალს უკავშირებდა.

“ნეტგაზეთი” დაავადება კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს, პასუხებს კი შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი