აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი აცხადებს, რომ გასცა ბრძანება, რომლის შესაბამისად, აზერბაიჯანულმა არმიამ უნდა შეადგინოს მოქმედებების გეგმა, რათა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, სამხედრო-სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაარტყას. ინფორმაციას apa.az ავრცელებს.
დღეს, 6 ოქტომბერს, დილით სომხურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ღამის განმავლობაში შედარებითი სიმშვიდე იყო.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო, ორივე მხარეს გარდაცვლილთა დიდი რაოდენობაა.
აშშ, რუსეთი და საფრანგეთი მხარეებს ყარაბაღში ცეცხლის მყისიერი შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ საუბარია მთავრობების მიერ გავრცელებულ საერთო მიმართვაში. განცხადების თანახმად, სამი ქვეყანა, რომელიც, ამავდროულად, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებიც არიან, გმობენ ძალადობის სახიფათო ესკალაციას მთიანი ყარაბაღის ზონასა და მის გარეთ, რაც მათი შეფასებით რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს.