ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“დარწმუნებული ვარ, სომხები და აზერბაიჯანელები შერიგდებიან” – ალიევი

6 ოქტომბერი, 2020 •
“დარწმუნებული ვარ, სომხები და აზერბაიჯანელები შერიგდებიან” –  ალიევი

“ჩვენ არაფერი გვაქვს სომეხი ერის საწინააღმდეგო. სომეხმა ერმა საკუთარი ხელისუფლება პასუხისგებაში უნდა მისცეს. ეს საომარი მოქმედებები მათი ხელისუფლების ბინძური პოლიტიკის მიზეზით მოხდა. ჩვენი მიწების გათავისუფლების, ოკუპაციის დასრულების შემდეგ, მთიან ყარაბაღში მცხოვრები მოსახლეობა და აზერბაიჯანელები, რომლებიც იქ დაბრუნდებიან, ერთად იცხოვრებენ, ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე ორი თემის ფარგლებში”, – განუცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეკომპანია «TRT Haber»-ს. ინფორმაციას apa.az ავრცელებს.

“აქ მცხოვრებ სომხებს არავინ ერჩის, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან. ჩვენ არ გვაქვს რაიმე პრობლემა სომეხ ერთან, რომელიც საკუთარი ხელისუფლების მძევალია. სამწუხაროდ, ფაშინიანმა, ხელისუფლებაში მოსვლისას ბევრი დაპირება გასცა, ჩვენც ვიმედოვნებდით რომ ძველი კრიმინალური რეჟიმი წარსულს ჩაბარდებოდა. თუმცა მოვიდა ახალი რეჟიმი, რომელმაც საკუთარ ერს ტანჯვა მოუტანა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხი შერიგდება”.

აქვე ალიევმა სომხებისა და აზერბაიჯანელების წარმატებული თანაცხოვრების მაგალითები მოიყვანა, მათ შორის, საქართველოში.

“საქართველოში დაახლოებით 300 ათასი აზერბაიჯანელი და 200 ათასი სომეხი ცხოვრობს. ისინი ერთად ერთ სოფელშიც ცხოვრობენ და მათ შორის არ არის პრობლემები”, – აცხადებს ალიევი.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები, რომელიც 27 სექტემბერს დილით დაიწყო, კვლავ გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი