ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში ჩავიდა

6 ოქტომბერი, 2020 • 1051
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში ჩავიდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოს ეწვია. ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ საკუთარი Twitter-ის პოსტზე დაწერა.

მისი თქმით, იგი ბაქოში “აზერბაიჯანელი დებისა და ძმების მხარდაჭერისთვის და დახმარების გამოსახატავად ჩავიდა”.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია ჩავუშოღლუსა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა, რა დროსაც განიხილავენ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს. ასევე, შეხვედრა შედგება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან – ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

მანამდე, 5 ოქტომბერს მევლუთ ჩავუშოღლუ NATO-ს გენერალურ მდივანს, იანს სტოლტენბერგს შეხვდა, რა დროსაც დიპლომატებმა სირიაში, ლიბიაში, მთიან ყარაბაღსა და ხმელთაშუა ზღვაში შექმნილ ვითარებებზე ისაუბრეს. შეხვედრისას თურქმა მინისტრმა განაცხადა, რომ “თურქეთი საკუთარი ნატოელი მოკავშიირებისგან დახმარებას მოელის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და რომ პარტნიორები არ უნდა უჭერდნენ მხარს ტერორისტულ ორგანიზაციებს”

თურქეთი აზერბაიჯანს კონფლიქტის განახლების დღიდანვე უჭერს მხარს. პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიებს ათავისუფლებს და ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ გამარჯვებას არ მიაღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი