ახალი ამბები

“კახეთის 8 მუნიციპალიტეტის შესყიდვებში ჩნდება ეჭვი, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს” – TI

6 ოქტომბერი, 2020 • 1270
“კახეთის 8 მუნიციპალიტეტის შესყიდვებში ჩნდება ეჭვი, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს” – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) კვლევის მიხედვით, რომელიც კახეთის 8 მუნიციპალიტეტს მოიცავს და 2013-2020 წლებში განხორციელებულ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებს ასახავს, გამოიკვეთა სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკის საერთო დამახასიათებელი ნიშნები.

კერძოდ, TI-ის კვლევის მიხედვით, ხშრია ისეთი შემთხვევები, როცა მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებენ კომპანიები, რომლებსაც მსგავს პროექტზე მუშობის გამოცდილება არ აქვთ. გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ რიგ შემთხვევებში, უკონკურენტო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში, რომელთა ღირებულება მრავალჯერ აღემატება კანონით დადგენილ 5 000-ლარიან ზღვარს, რომლის მიღმაც რეკომენდებულია ელექტრონული ტენდერი გამოცხადდეს, ახალდაფუძნებული კომპანიები იმარჯვებდნენ.

ზოგ შემთხვევაში კი, TI-ის განცხადებით, გამოიკვეთა მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან კავშირი და კორუფციული გარიგებების ნიშნები:

“კვლევამ გამოკვეთა „მბრუნავი კარის” პრობლემის აქტუალობა კახეთის მუნიციპალიტეტებში: არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი თანამდებობის დატოვებიდან მალევე აფუძნებს კომპანიას და იწყებს ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მიღებას იმავე მუნიციპალიტეტში, სადაც თანამდებობას იკავებდა. კვლევაში, ასევე, მოყვანილია ისეთი საწარმოები და ფიზიკური პირები, რომელთა პირდაპირი კავშირი მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან გამოკვეთილი არ არის, თუმცა რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ კომპანიებს აერთიანებს შესყიდვებში მონაწილეობის შემდეგი მეთოდები:

კომპანიები შესყიდვების მიღებას დაფუძნებიდან მალევე იწყებენ ან დაფუძნებიდან მრავალი წლის განმავლობაში პასიურ მდგომარეობაში არიან და შესყიდვებს გამოცდილების დაგროვების გარეშე იღებენ. კომპანიების უმრავლესობა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას პირდაპირ გამარტივებული შესყიდვების მიღებით იწყებს. შემსყიდველი ორგანოები გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად, როგორც წესი, უთითებენ “გადაუდებელ აუცილებლობას”, თუმცა,ამ გარემოებას საკმარისად ვერ ასაბუთებენ. ხშირ შემთხვევაში, დასაბუთების ტექსტები ერთმანეთის იდენტურია”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კვლევაში მიმოხილული 51 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და 7 ინდივიდუალური მეწარმიდან, რომლებმაც 2013-2020 წლებში 167 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა მიიღეს, 17 კომპანიისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში TI-მ პირდაპირი ან ირიბი კავშირი გამოკვეთა მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებთან.

ამასთან, 52-დან 32-მა შპს-მ გამარტივებული შესყიდვებისა და უკონკურენტო ტენდერების მიღება დაფუძნებიდან მალევე დაიწყო, ზოგ შემთხვევაში კი – რამდენიმე დღეში.  რიგ შემთხვევებში, ორგანიზაციის განცხადებით, ტენდერში დაბალი ფასის შეთავაზებით გამარჯვებულ კომპანიებს შესყიდვის ღირებულება ხელშეკრულების დადების შემდგომ ეზრდებათ.

თელავის მუნიციპალიტეტი

კვლევით ასევე გამოიკვეთა, რომ თელავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის, ბესიკ ქოჩიშვილის ყოფილმა კომპანიამ, 2015-2019 წლებში, ბიუჯეტიდან 1,7 მილიონი ლარი მიიღო.

გამგებლის ყოფილი მოადგილის, ზურაბ სვიმონიშვილის ორმა კომპანიამ – შპს “ბილდინგმა” და შპს “ნიუ ბილდინგმა” კი 2013-2020 წლებში 1.2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

TI-ს განცხადებით, საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის, ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტნიორის კომპანია კვლავ იღებს გამარტივებულ შესყიდვებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტისგან და მისმა შემოსავალმა 2018-2020 წლებში 1.7 მილიონ ლარს გადააჭარბა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ გეთიაშვილის სიმამრის კომპანიამ 2015-2020 წლებში 12.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან, 1 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტისგან.

შპს “თბილსერვის ჯგუფის” ყოფილი დირექტორის, თორნიკე შიოლაშვილის მიერ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან 1 თვის შემდეგ დაფუძნებულმა კომპანიამ კი, ორგანიზაციის განცხადებით, 72 მილიონი ლარის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო 2014-2020 წლებში.

ყვარლის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსთან, ზურაბ შავბალახაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, TI-ს განცხადებით,  ყვარლის მუნიციპალიტეტისგან 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 

ლაგოდეხის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარის მოადგილესთან, მარიანა გელაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ კი,  ორგანიზაციის განცხადებით, დაფუძნებიდან 1 კვირაში 2 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

ამასთან, ლაგოდეხის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ხუციშვილის ძმის კომპანიამ, TI-ს თქმით, 300 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები მიიღო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისგან;

სიღნაღის მუნიციალიტეტი

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ სიღნაღის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ნოდარ ბაკაშვილის დაფუძნებულმა კომპანიამ 890 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები მიიღო მხოლოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან.

ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მერის მოქმედი მოადგილის, ვანო ნასყიდაშვილის მეგობარმა – ინდმეწარმე ბექა ონიაშვილმა კი, ორგანიზაციის თქმით, 1.8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო მხოლოდ ახმეტის მუნიციპალიტეტისგან 2015-2020 წლებში.

ამასთან, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, არსენ ბუღრიძის ცოლის ძმის კომპანიამ 1.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებისგან.

ორგანიზაციის კვლევით იკვეთება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კადრების განყოფილების უფროსის, ემზარ პაქსაძის მიერ 2018 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ 700 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა და 232,753 ლარის ღირებულების ტენდერი მიიღო ახმეტის მუნიციპალიტეტში 2019 წელს.

შედეგად, TI აცხადებს, რომ კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო 8 წლის განმავლობაში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციის სისტემურ პრობლემასთან:

“კვლევაში მოცემული ფაქტები ცხადყოფს, რომ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვების ერთგვაროვანი პრაქტიკაა. ხშირ შემთხვევაში, ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებს იღებენ მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული იურიდიული და ფიზიკური პირები. ასევე, კომპანიები, რომლებსაც შესყიდვის მიღებამდე მსგავსი სამუშაოს განხორციელების გამოცდილება არ გააჩნდათ.

კახეთის მუნიციპალიტეტების მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გახარჯული საბიუჯეტო თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ასეთი კომპანიებისკენაა მიმართული, რაც მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ხარვეზებსა და კორუფციის რისკებზე”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ კვლევაში მოყვანილი ფაქტები, სადაც იკვეთება სავარაუდო კორუფციისა და კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის პირდაპირი ნიშნები.

ასევე, მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს, იხელმძღვანელონ სახელმწიფო შესყიდვების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, დახვეწონ შესყიდვების მეთოდები, თითოეული შესყიდვის პროცესში გაითვალისწინონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები და გაასაჯაროონ ინფორმაცია ტენდერისა და გამარტივებული შესყიდვის პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორების შესახებ.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აუცილებელია, თითოეულ გამარტივებულ შესყიდვას თან ახლდეს ბაზრის კვლევის შედეგები. საჭიროა, შემსყიდველმა უფრო ცხადად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც არჩევს კონკრეტულ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი