ახალი ამბები

სააკაშვილს მოვუწოდებ, თანამდებობებზე ოცნებებს თავი დაანებოს – ნათელაშვილი

5 ოქტომბერი, 2020 • 1390
სააკაშვილს მოვუწოდებ, თანამდებობებზე ოცნებებს თავი დაანებოს – ნათელაშვილი

“ლეობორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამბიცია საქართველოში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების თაობაზე ოპოზიციციის კოორდინაციას ხელს უშლის.

ნათელაშვილი სააკაშვილს ურჩევს, “თანამდებობებზე ოცნებებს თავი დაანებოს”, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავს, “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში დარჩეს. ამასთან, ნათელაშვილი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიებს მიღმა თანამშრომლობდნენ.

“დღეს ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და არა ერთმანეთს. თუ მიხეილ სააკაშვილის პრინციპია, “უჩემოდ ქვა ქვაზე არ დარჩენილაო”, ამას ძნელად დავიჯერებთ, მაგრამ საქმეები სწორედ მოვლენების ამგვარ განვითარებაზე მეტყველებს. მე უფლებას ვიტოვებ ეჭვი გამოვთქვა, რომ ივანიშვილს და სააკაშვილს შორის გრძელდება ფარული თანამშრომლობა პიროვნულად, რისი მაჩვენებელიცა “ნაციონალური მოძრაობის” გამსვლელ სიაში ამ პარტიის სახელოვანი ლიდერების ნაცვლად ივანიშვილის ოლიგარების ჩაწერა”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილი “ივანიშვილის ოლიგარქებად” ენმ-ში მიიჩნევს კახა ოქრიაშვილს, ცეზარ ჩოჩელს, დილარ ხაბულიანსა და რამაზ ნიკოლაიშვილს და ამბობს, რომ როგორც კი საქმე კოალიციური მთავრობის შექმნაზე მიდგება, ოთხივე კანდიდატი ივანიშვილის მხარეს აღმოჩნდება.

“მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, თანამდებობეზე ოცნებებს თავი დაანებოს. ის ორი ვადით უკვე იყო პრეზიდენტი და მისი პრეზიდენტობა დამთავრდა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციით, პუტინის ოლიგარქატის მოსვლით, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით და შემდგომ მისი სახურავებზე სირბილით კიევში. ახლა საკმარისია, ის ვალდებულია ხელი შეუწყოს ოპოზიციური ძალების თანამშრომლობას და არცერთ შემთხვევაში არ მოგვაბეზროს თავი პრემიერ-მინისტრობით, პოლიტიკური მითითებებით, რეიტინგების შედგენით და საკუთარ სიაში ივანიშვილის ოლიგარქთა ჩაწერით. ეს არის ჩემი მეგობრული რჩევა ბატონი მიხეილის მიმართ. თუ გაითვალსიწინებს, კარგი იქნება, თუ არადა,  შედეგს ვნახავთ 31 ოქტომბრის შემდეგ – ისევ ივანიშვილი დარჩება ხელისუფლების სათავეში და სააკაშვილი მთელი ცხოვრება იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ოპოზიციურმა კოალიციამ “ძალა ერთობაშია” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი წარადგინა. უფრო ფართო ოპოზიციურ სპექტრში, რომელიც “ლეობორისტული პარტიის” ოფისის დიალოგის მონაწილეა, აცხადებენ, რომ კოალიციური მთავრობის აუცილებლობის შემთხვევაში სააკაშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარს არ დაუჭერენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი