ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ირანი აცხადებს, რომ მოამზადა გეგმა ყარაბაღის კონფლიქტის გადასაჭრელად

5 ოქტომბერი, 2020 • 1422
ირანი აცხადებს, რომ მოამზადა გეგმა ყარაბაღის კონფლიქტის გადასაჭრელად

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, საიდ ხათიბზადემ განაცხადა, რომ ირანს აქვს „დეტალური გეგმა“ მთიან ყარაბაღში „კონფლიქტის დასასრულებლად“, თუმცა ამ გეგმის დეტალები არ დაუზუსტებია.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ამბების სააგენტოს (IRNA-ს) თანახმად, 5 ოქტომბერს საიდ ხათიბზადემ განაცხადა, რომ არ არსებობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გადაჭრის სამხედრო გზა.

სპიკერის განცხადებით, ირანი ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს მის დასავლეთ საზღვარზე და ახლო კონტაქტშია დაპირისპირებულ მხარეებთან.

მისი თქმითვე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა ყარაბაღის საკითხზე.

ხათიბზადემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ირანის მხარდაჭერა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალის გაყვანის საჭიროებას.

ამასთან, ხათიბზადემ მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო შეტაკებები და გზა გაუხსნან პოლიტიკურ დიალოგს, რათა საფრთხის ქვეშ არ დააყენონ მოქალაქეების სიცოცლხე.

„აცხადებს რა, რომ ირანი არ მოითმენს კონფლიქტს მის საზღვრებთან, სპიკერი მოუწოდებს მხარეებს, გადადგანნ აუცილებელი პრევენციული ნაბიჯები, რათა ძალადობა შეკავებულ იქნას და არ გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი სიკვდილი და ჰუმანიტარული კრიზისი“, – წერს სააგენტო.

კიდევ ერთი ირანული სააგენტოს, mehrnews-ის თანახმად, სპიკერმა ხათიბზადემ განაცხადა, რომ „ირანმა შეიმუშავა დეტალური გეგმა საამისოდ [კონფლიქტის გადასაჭრელად]“ და თქვა, რომ გეგმა იმ ჩარჩოს [არასამხედრო გადაწყვეტა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა] მიჰყვება, რის შესახებაც მანამდე ისაუბრა, თუმცა გეგმის დეტალები არ დაუზუსტებია.

უკვე მე-8 დღეა, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტი განახლდა.

რა პერსპექტივა აქვს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე – ფაშინიან-ალიევის განცხადებები

მასალების გადაბეჭდვის წესი