ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა პერსპექტივა აქვს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე – ფაშინიან-ალიევის განცხადებები

3 ოქტომბერი, 2020 • 1423
რა პერსპექტივა აქვს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე – ფაშინიან-ალიევის განცხადებები

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს Al-jazeera-ს ეთერში მთიან ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს.

რას ამბობენ ბაქოში

“სომხურ მხარეს არ უნდა მშვიდობა, მათ სურთ ჩვენი მიწები მუდმივად ოკუპირებული ჰქონდეთ, მათ უნდათ სტატუს-კვოს შენაჩუნება. ეს არის მიზეზი, რატომაც გაგრძელდა ეს [კონფლიქტი] ამდენ ხანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სომხეთი იმოქმედებდა მთავარი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული რეზოლუციების შესაბამისად, კონფლიქტი დიდი ხნის წინ გადაიჭრებოდა” – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ილჰამ ალიევის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არ არის საკმარისი ზეწოლა სომხეთზე, რათა მან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

“არ არის პრაქტიკული ზეწოლა აგრესორზე. ჩვენ ვხედავთ აცდენას საერთაშორისო სამართალსა და იმას შორის, რაც რეალურად ხდება. აშკარა უგულვებელყოფა სომხეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და წესების, არის კარგი დასტური იმისა, რომ საერთაშორისო სამართალი არ მუშაობს ან მუშაობს შერჩევითად. ზოგჯერ, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას საათები სჭირდება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ამას წლები დასჭირდა.”

ილჰამ ალიევი სომხეთსა და პირადად ნიკოლ ფაშინიანს ადანაშაულებს მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში.

“სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ერთი წლის წინ განაცხადა, რომ ყარაბაღი არის სომხეთი. ეს განცხადება მოლაპარაკებებს აბსოლუტურად უშინაარსოს ხდის, რადგან ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოლაპარაკებებისას სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების აზერბაიჯანისადმი დაბრუნებაა. მისი განცხადება ნიშნავს, რომ ისინი არ აპირებენ მიწების უკან დაბრუნებას, რაც მოლაპარაკებების შეწყვეტასაც ნიშნავს,” – აცხადებს ალიევი.

 

ილჰამ ალიევი/Al-jazeera

წამყვანის კითხვაზე, დათანხმდებოდა თუ არა იგი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ალიევმა უპასუხა, რომ ამისთვის საჭიროა სომხეთმა შეცვალოს თავისი პოზიციები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით:

“მოლაპარაკებები შეწყდა, მას შემდეგ რაც მან განაცხადა, რომ ყარაბაღი სომხეთი იყო, თუმცა მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეების თხოვნით, რომ აზერბაიჯანი გაგებით მოკიდებოდა ფაქტს, რომ სომხეთს ყავდა ახალი მთავრობა, რომელიც შესაძლოა ვერ აკონტროლებდა ემოციებს, მე მაინც დავთანხმდი მოლაპარაკებებს, თუმცა ეს იყო აბსოლუტურად უშედეგო და ფორმალური. მან მითხრა, რომ ის არ აპირებს ტერიტორიების უკან დაბრუნებას. მან მოლაპარაკებების წინაპირობად წამომიყენა, რომ დე ფაქტო მთიანი ყარაბაღი უნდა ყოფილიყო მხარე, რაც მინსკის ჯგუფმაც დაგმო. თუ ისინი [სომხეთი] შეიცვლიან პროვოკაციულ დამოკიდებულას და იტყვიან, რომ მთიანი ყარაბაღი არ არის სომხეთი, შემდეგ შეიძლება.”

ალიევმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლამდე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების კუთხით დიდი პროგრესი შეიმჩნეოდა, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერს ავნო.

“სომხეთის წინა მმართველებთან ერთად ჩვენ ვიყავით ჩართული პროცეში, რომელიც წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ ვიქნებოდით ამ პროცესში ამდენი ხანი. ეს არ იყო უშედეგო ძალისხმევა. ჩვენ შევძელით მიგვეღწია ძალიან დიდი პროგრესისთვის, თუმცა მას შემდეგ, რაც ფაშინიანი გამოჩნდა, მან დაანგრია არამხოლოდ ყველაფერი რაც მანამდე იყო, არამედ ის პრინციპებიც, რასაც თანამშრომლობა ემყარებოდა. მთელი პასუხისმებლობა მას ეკისრება.”

წამყვანის კითხვაზე, თუ რა როლი ენიჭება რუსეთის მედიაციას, ალიევი მოკლედ პასუხობს, რომ რუსეთს აქვს სპეციალური პოზიცია, რადგან ის არის რეგიონის მეზობელი და მათი როლი და შესაძლებლობა მედიაციის დროს არის უფრო მაღალი ვიდრე სხვა ქვეყნების შემთხვევაში იქნებოდა.

ალიევი განცხადებით, ის არ აპირებს ყურადღების მიღმა დატოვოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოთხოვნილი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა.

“თუმცა ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია მიღწეულ იქნებს ცალმხრივად. მე მინდა მივმართო მსოფლიო ლიდერებს, რომ თუ ჩვენ არ ვუპასუხებდით აგრესიას ისე, როგორც ვუპასუხეთ, დღეს გვეყოლებოდა ასობით მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ცეცხლის შეწყვეტის პირობა უნდა იყოს, რომ სომხეთი დატოვებს ჩვენს ტერიტორიებს. ჩვენ 28 წელია ვამჟღავნებთ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის სურვილს.”

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მინსკის ჯგუფში შემავალი ქვეყნების კომპოზიციას:

“უსაფრთხოება შედის ყველა რეგიონალური სახელმწიფოს ინტერესში, მათ შორის, თურქეთის, რუსეთისა და ირანის ინტერესებში. დანარჩენ სახელმწიფოებს აქ არაფერი ესაქმებათ. თუ ჩვენ დღეს გადავწყვეტდით ასეთი ჯგუფის შემადგენლობას, ზოგიერთ ქვეყნების ადგილი აქ არ იქნებოდა, გამომდინარე მათი ქცევიდან.”

ალიევი ასევე უარყოფს უცხოელი მებრძოლების კონფლიქტში ჩართულობასა და თურქული F16-ის მიერ სომხური SU-25-ის ჩამოგდებას და სომხურ მხარეს მოუწოდებს, გაასაჯაროვონ ამისი მტკიცებულებები.

ერევნის პოზიცია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი თავს დაესხა მთიან ყარაბაღს, შემდგომში კი სომხეთსაც.

“სომხეთი იქცევა როგორც სომხებისა და მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტორი. აზერბაიჯანმა დაიწყო პირდაპირი შეტევა მთიან ყარაბაღზე, შესაბამისად, სომხეთს აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება, ამის გამო კი აზერბაიჯანმა შეტევა უკვე სომხეთზეც დაიწყო,” – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

კითხვაზე, აპირებს თუ არა სომხეთი მთიანი ყარაბაღის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარებას, ფაშინიანი პასუხობს, რომ ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას.

“ასეთი საკითხი [მთიანი ყარაბაღის აღიარება] დღის წესრიგში არის, თუმცა გადაწყვეტილება იქნება თუ არა მიღებული, დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე” – აცხადებს ფაშინიანი.

წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა რეალური მტკიცებულებები იმისა, რომ თურქეთი იყენებს უცხოელ მებრძოლებს მთიან ყარაბაღში სომხეთის წინააღმდეგ, პრემიერ-მინისტრი პასუხობს, რომ მტკიცებულებებს  საერთაშორისო მედია ავრცელებს:

“სანდრო წყაროები, როგორიცაა როიტერსი, გარდიანი, თავად ამ მებრძოლებზე და მათ ოჯახებზე დაყრდნობით, იუწყებიან, რომ თურქეთს გადაყავს მებრძოლები მთიან ყარაბაღში.”

 

ნიკოლ ფაშინიანი / Al-jazeera

ფაშინიანის განცხადებით, იგი ყოველთვის იყო კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მომხრე:

“როდესაც მე ხელისუფლებაშ მოვედი, განვაცხადე, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, გამოსავალი ამ კოფლიქტიდან, რომელსაც მივიღებთ, უნდა იყოს მისაღები სომხეთის, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ხალხისთვის. ეს არის ძირითადი ფორმულა, რა კუთხითაც მე ამ კონფლიქტს ვხედავ, თუმცა აზერბაიჯანმა 2000-იანი წლებიდან აირჩია სამხედრო გზა.”

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთს უდიდესი სტრატეგიული როლი ენიჭება არსებულ რეალობაში.

“რუსეთი არის მინსკის ჯგუფის თანათავმდჯომარე და სომხეთს მასთან აქვს ღრმა სამხედრო პარტნიორობა, რაც გულისხმობს, მათ შორის, რუსულ სამხედრო ბაზას სომხეთში და სამხედრო შეთანხმებებს. რუსეთმა, როგორც მედიატორმა მხარემ, ყველაფერი უნდა გააკეთოს რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის მისაღწევად”, – აცხადებს ფაშინიანი.

წამყვანის კითხვაზე, ისურვებდა თუ არა რუს მშვიდობისმყოფელებს მთიან ყარაბაღში, ფაშინიანი მოკლედ პასუხობს, რომ ეს განხილული შეიძლება იყოს უფრო ფართო რეზოლუციის ფარგლებში მინსკის ჯგუფის თანათავმდჯომარეებს შორის.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია აზერბაიჯანს ამხელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. ასევე კითხვაზე, ნანობს თუ არა საკუთარ განცხადებას, რომ ყარაბახი სომხეთია, პასუხობს, რომ ის მხოლოდ ფაქტებზე საუბრობს.

ფაშინიანი ალიევს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტაში:

“მე ვიყავი პირველი ლიდერი, რომელმაც თქვა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტა მისაღები უნდა იყოს მეორე მხარისთვისაც. მე მოველოდი იგივეს აზერბაიჯანის ლიდერისგან, მაგრამ მან თქვა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია, რამაც აბსოლუტურად შეცვალა მოლაპარაკებების კონტექსტი.”

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 27 სექტემბერს დაიწყო. მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭომ, მინსკის ჯგუფმა, რეგიონის წევრმა ქვეყნებმა. შემაჩერებელი მექანიზმი გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, თუმცა მიუხედავად ამისა, მხარეებს შორის ბრძოლები გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი