ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო სომხეთს ქალაქების დაბომბვაში ადანაშაულებს, ერევანი უარყოფს

5 ოქტომბერი, 2020 • 799
ბაქო სომხეთს ქალაქების დაბომბვაში ადანაშაულებს, ერევანი უარყოფს

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, სომხურმა ძალებმა ქალაქ მინგეჩაურზე და ხიზისა და აფშერონის რაიონებზე მიიტანეს იერიში. ამ ინფორმაციას სომხეთში უარყოფენ.

„სომხურმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს მინგეჩევირზე (მინგეჩაურზე), სადაც 100 000 ადამიანი ცხოვრობს. ინდუსტრიული ქალაქი 100-ზე მეტი კილომეტრითაა დაშორებული საზღვრიდან“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰიკმეთ ჰაჯიევმა საკუთარი ტვიტერის პოსტით ფაქტს „სასოწარკვეთილების ბარბაროსული შემოტევა“ უწოდა.

„რამდენიმე წუთის წინ სომხეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს მინგეჩაურზე, სადაც მდებარეობს წყალსაცავი და ელექტრო სადგური“, – ნათქვამია მის განცხადებაში.

ჰაჯიევის ცნობით, მინგეჩაურზე შეტევა Tochka-U-ს სისტემის სარაკეტო კომპლექსიდან განხორციელდა, დაზიანდა საქალაქო ინფრასტრუქტურა, მსხვერპლი არ არის, თუმცა არიან დაჭრილები.

მისი განცხადებით, ასევე დაიბომბა ხიზისა და აფშერონის რეგიონებიც, სადაც მოწინააღმდეგემ 300 კილომეტრის რადიუსის სარაკეტო სისტემა გამოიყენა.

სომხეთი უარყოფს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა აზერბაიჯანული მხარის განცხადებას, რომ მინგეჩაურზე თავდასხმა სომხეთის ტერიტორიიდან მოხდა, მცდარი უწოდა.

„სომხეთის ტერიტორიიდან არავითარი ცეცხლის გახსნას ადგილი არ ქონია. ეს არის აზერბაიჯანული მხარის სასოწარკვეთილი შემოტევები“, – აცხადებს იგი საკუთარ twitter-ის პოსტში.

„ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხეთმა ახლა უკვე ხიზსა და აფშერონზე მიიტანა იერიში. ეს არის მორიგი ტყუილი. აზერბაიჯანი ნიადაგს ამზადებს პროვოკაციისთვის“, – ნათქვამია შუშან სტეფანიანის განცხადებაში.

დღეს მხარეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან ადგილი ქონდა სარაკეტო შეტევებს სხვადასხვა დასახლებების წინააღმდეგ, მათ შორის შუშა (შუში), სტეფანაკერტი (ხანქენდი), განჯა და მინგეჩაური, რომლებიც შედარებით დიდ საქალაქო ცენტრებს წარმოადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი