ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ოსი პოეტის, გი­ორ­გი ბეს­თა­უ­თის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა

2 ოქტომბერი, 2020 • 1991
თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ოსი პოეტის, გი­ორ­გი ბეს­თა­უ­თის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, სამგორის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას ოსი პოეტისა და “ვეფხისტყაოსნის” ოსურად მთარგმნელის სახელი, გიორგი ბესთაუთის სახელი მიენიჭა. 

“მადლობა ყველა ქართველს, ყველა მეგობარს , ვინც კეთილი სიტყვა არ დაიშურეთ და მხარში დაუდექით ამ ჭეშმარიტად საჭირო სამოქალაქო ინიციატივას”, – აცხადებს ადვოკატი ბადრი მანჯავიძე, რომელმაც აღნიშნული ინიციატივით თბილისის საკრებულოს მიმართა.

ნეტგაზეთთან საუბარში ბადრი მანჯავიძე ამბობს, რომ თბილისის ქუჩისთვის ბესთაუთის სახელის მინიჭება ოსებსა და ერთ აგურს დადებს ქართველების ნდობის აღდგენაში.

“გიორგი ბესთაუთს ივანე მაჩაბლის პრემია აქვს მიღებული საკუთარი საქმიანობისთვის. იმის გარდა, რომ წერდა ლექსებს ქართულად და ოსურად, მან ოსურად თარგმნა “ვეფხისტყაოსანი”, ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა და ა.შ.”, – ამბობს ინიციატივის ავტორი ბადრი მანჯავიძე.

გიორგი ბესთაუთი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 1978 წელს, 46 წლის ასაკში ცხინვალში გარდაიცვალა, სადაც ის დაასაფლავეს.

დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ცხინვალში გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი იმართებოდა, ადვოკატი ბადრი მანჯავიძე გაფრინადაშვილის პროცესზე დასასწრებად თბილისიდან ცხინვალში ჩავიდა, რა დროსაც ცხინვალში გიორგი ბესთაუთის საფლავიც მოინახულა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი