ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ადვოკატი ბადრი მანჯავიძე ცხინვალში ჩავიდა, თუმცა, გაფრინდაშვილის სასამართლოზე არ უშვებენ

20 დეკემბერი, 2019 • 2471
ადვოკატი ბადრი მანჯავიძე ცხინვალში ჩავიდა, თუმცა, გაფრინდაშვილის სასამართლოზე არ უშვებენ

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა, ორმაგი [საქართველო, რუსეთი] მოქალაქეობის მქონე ადვოკატმა ბადრი მანჯავიძემ სოციალურ ქსელში ცხინვალში გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

როგორც თავად ამბობს, დღეს, 20 დეკემბერს, რუს სამხედროებთან რთული დაკითხვის შემდეგ ცხინვალში  ჩავიდა.

მანჯავიძე ამჟამად ცხინვალში, სასამართლო შენობასთან იმყოფება, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომა დახურულია. მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული. გაფრინდაშვილს იცავს ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ადვოკატი.

დღეს, 20 დეკემბერს, თბილისის დროით 11:00 საათზე, ცხინვალში დაიწყო დაპატიმრებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი.

ისევე, როგორც პირველ მოსამზადებელ სხდომაზე, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართა, დღევანდელ სხდომაზე არ შეუშვეს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. ქართული მხარე გაფრინდაშვილის გათავისუფლებას სწორედ 13 დეკემბრის მოსამზადებელი სასამართლო პროცესიდან ელოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი 10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევის დისკუსიებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრმა ანდრეი რუდენკომ ექიმ ვაჟა გადრინდაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ  ” ეს ჰუმანიტარული საკითხია და ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს”.

გარდა ამისა, 13 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლებაზე მოსკოვიდან ჩამოსული ნინო ბურჯანაძეც საუბრობდა.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

19 ნოემბერს ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური] გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

ქართული მხარე კვლავაც ირწმუნება, რომ ექიმის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი