ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამშვიდობო მანიფესტაცია ყარაბაღში ომის წინააღმდეგ თბილისში [ფოტო]

2 ოქტომბერი, 2020 •
სამშვიდობო მანიფესტაცია ყარაბაღში ომის წინააღმდეგ თბილისში [ფოტო]

2 ოქტომბერს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, სამშვიდობო აქცია გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილების მოქალაქე ყარაბაღში ომის წინააღმდეგ გამოვიდა.

აქციის მონაწილეები იზიარებენ სამშვიდობო მანიფესტს, რომელიც წინა დღეს გამოქვეყნდა და სადაც წერია:

„ჩვენ, საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი და სხვა ეთნიკური თემის აქტივისტები, ერთად ვდგებით მშვიდობის, ჰუმანიზმისა და სოლიდარობის მხარეს და ჩვენი რეგიონის მთავრობებს და საერთაშორისო აქტორებს სამშვიდობო და ჰუმანური პოლიტიკის გატარებისკენ მოვუწოდებთ“.

ორგანიზატორების თანახმად, დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაერთიანება მშვიდობისთვის და ომის შეწყვეტის მოთხოვნა რეგიონის სტაბილურობისთვის და განვითარებისთვის:

„მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას მშვიდობის მხარდამჭერის როლის უკეთესად შესრულება შეგვიძლია და ამ კუთხით ძალისხმევა გასაძლიერებელია“, – წერია განცხადებაში.

შეკრების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC).

მანიფესტში ასევე ვკითხულობთ:

„ჩვენს რეგიონს მხოლოდ მშვიდობის, მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის პოლიტიკა მოუტანს სტაბილურობასა და განვითარებას. რეგიონის თანმდევი მახასიათებელი მუდმივად იყო მისი მრავალფეროვნება. ულტრანაციონალიზმის, ეთნონაციონალიზმისა და შოვინიზმის პირობებში ეთნოსებსა და ქვეყნებს შორის განსხვავებები ჩვენი განცალკევებისთვის და გათიშულობისთვის არის გამოყენებული, თითქოს ეს განსხვავებები ჩვენ შორის გადაულახავ ბარიერს წარმოადგენდეს. მნიშვნელოვანია, მრავალფეროვნების ღირებულება გავაცნობიეროთ და გაერთიანებისთვის გამოვიყენოთ. ამასთან, შოვინისტურ რიტორიკაში ხშირად სრულიად გამოტოვებულია ის მახასიათებლები, რაც ამ რეგიონში მცხოვრებ ხალხებს გვაერთიანებს – ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე განმასხვავებელი. ჩვენ მუდმივად ვართ ერთმანეთის პოლიტიკური, კულტურული, სოციალური, ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და გაზიარების პროცესში და ომის შედეგებს და ტკივილსაც საბოლოოდ ერთად ვიყოფთ ხოლმე. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ცალკეული  ქვეყნებისა და მთლიანად რეგიონის განვითარების საწინდარია და ეს მოცემულობა მთავრობებმა არ უნდა დაარღვიონ“, – წერია მანიფესტში.

მანიფესტი სრულად ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე ნახეთ აქ

გირჩევთ ასევე გაეცნოთ:

„ჩვენი მტერი არ არის რიგითი სომეხი“ – ბაქოელი მემარცხენეები ომის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი