მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანმა დაბომბა სტეფანაკერტი.

“სტეფანაკერტზე აზერბაიჯანის  შეტევის შედეგად დაზიანდა განსაკუთრებული სიტუაციების სამსახურის შენობა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ასევე არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაშიც”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უწყებამ twitter-ით გაავრცელა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენის, არდაკ ბეგლარიანის twitter-ის პოსტის მიხედვით, “ეს გახლდათ ყველაზე დიდი თავდასხმა სტეფანაკერტზე, რაც კი აქამდე განხორციელებულა.”

მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხური ძალების მიერ შამქირის (იგივე შამქორი) რაიონის მიმართულებით განხორციელდა თავდასხმა Tochka-U-ს ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით.

სტეფანაკერტი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, არწახის (მთიანი ყარაბაღის) დედაქალაქია, სადაც დაახლოებით 55 000 ათასი კაცი ცხოვრობს.

კონფლიქტის ზონაში სროლები 27 სექტემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს.