ახალი ამბებიეკონომიკა

რაზე გაიზარდა და რაზე შემცირდა ფასები – ინფლაციის სტატისტიკა

2 ოქტომბერი, 2020 • 1841
რაზე გაიზარდა და რაზე შემცირდა ფასები – ინფლაციის სტატისტიკა

საქსტატი წლიური და თვიური ინფლაციის ცვლილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საქსტატის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

როგორ შეიცვალა ფასები წინა თვესთან შედარებით

სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფში და შეადგინა 1.9%, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (3.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.5 პროცენტი).

ფასები 1.8%-ით გაიზარდა ჯანდაცვაზეც, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და
მოწყობილობის (3.1 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების (1.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელებიც, რაზეც ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (0.6 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (0.6 პროცენტი).

გარდა ამისა, წინა თვესთან შედარებით გაიზარდა შემდეგი ჯგუფების ფასები: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (1%); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (0.5%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (0.6%) და სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (0.3%).

შემცირდა ფასები განათლებაზე (1.2%); დასვენება, გართობა და კულტურაზე (0.4%); კავშირგაბმულობაზე (0.1%) და კომუნალურ ხარჯებზე (0.1%)

წლიური ინფლაციის მაჩვენებლები 

საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ფასების 3.8%-იანი მატება დაფიქსირდა.

ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.97 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (14.4 პროცენტი), თევზეული (11.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (8.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.1 პროცენტი).

ფასები გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვაზეც: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.5 პროცენტით, რაც 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.0 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (9.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ასევე გაძვირებულია ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.9- პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.3 პროცენტი), ასევე, ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე ფასები მომატებულია 9.1 პროცენტით.
შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა 0.51 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების
ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (30.3
პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (13.0 პროცენტი).

გარდა ამისა გაძვირდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2.5%); კომუნალური ხარჯები (1.6%); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (8.4%); კავშირგაბმულობა (0.2%) და სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (5.7%).

საქსტატის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასები შემცირებულია ტრანსპორტზე, დასვენება, კულტურა, გართობასა და განათლებაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიხედვით, წლიური მიზნობრივი ინფლაცია 3.0 პროცენტია, ხოლო სექტემბერში დაფიქსირებული მონაცემი მიზნობრივ გათვლას 0.8%-ით აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი