ნეტგაზეთი | როგორ გაართულა „გამყოფ ხაზთან“ მცხოვრები ადამიანების ყოფა პანდემიამ – ეკა გამახარია როგორ გაართულა „გამყოფ ხაზთან“ მცხოვრები ადამიანების ყოფა პანდემიამ – ეკა გამახარია – Netgazeti
RU | GE  

როგორ გაართულა „გამყოფ ხაზთან“ მცხოვრები ადამიანების ყოფა პანდემიამ – ეკა გამახარია

როგორ გაართულა COVID-19 პანდემიამ კონფლიქტის „გამყოფ ხაზთან“ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური ყოფა და რატომ აღმოჩდნენ ისინი უფრო რთულ მდგომარეობაში, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა. ნეტგაზეთი კვლევის, სახელწოდებით “პანდემიის გენდერული განზომილება და მისი გავლენა ადამიანურ უსაფრთხოებაზე“ ავტორს, ეკატერინე გამახარიას, ფონდ “სოხუმის” წარმომადგენელს ესაუბრა. 

პირველ რიგში, მოგვიყევით, რა იყო თქვენი კვლევის მიზანი? 

ჩვენი, ფონდ “სოხუმის” მუშაობის პრიორიტეტი ყოველთვის იყო კონფლიქტის ზონა, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანები, დევნილები, ხალხი, რომელსაც კოვიდამდეც უამრავი გამოწვევა ჰქონდა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ამ მოსახლეობაზე მეტი აქცენტი გაგვეკეთებინა, ვინაიდან ვიცოდით, რომ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დადგებოდნენ.

რატომ უნდა დამდგარიყვნენ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანები მეტი გამოწვევის წინაშე, ვიდრე საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა? 

ჩვენი გამოცდილება და მუშაობა გვაჩვენებს, რომ ეს ადამიანები ისედაც მოკლებული არიან საბაზისო სერვისებს. იქ არ არსებობს არც მაღაზიები, არც საგზაო თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, მუდმივად აქვთ წყლის მიწოდების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემები. 

პანდემიამდე მათი საარსებო წყარო გადაშლილი იყო ენგურს გაღმა და ზუგდიდს შორის არეალში. ეს ხალხი დადიოდა, ვაჭრობდა. მასშტაბური ჩაკეტვის შემდეგ კი, მოგეხსნებათ, რა ვითარებაში აღმოჩდებოდნენ. ვიცოდით, რომ მათ წინაშე გაათმაგებულად დადგებოდა ჩაკეტვით გამოწვეული პრობლემები. ამ ადამიანების მოწყვლადობის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, ძალიან მაღალია.

სად, რომელ სოფლებში ჩატარდა კვლევა და ვინ გამოკითხეთ? 

გამოკითხვამ მოიცვა 112 დევნილი, 124 ადგილობრივი, 84 კი- საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, კონფლიქტის „გამყოფ ხაზთან“ მცხოვრები ადამიანი.

ეს არის ძირთადად კონფლიქტის გამყოფ ზოლთან მდებარე დასახლებები და სოფლები ენგურს გამოღმა, როგორიცაა ხურჩა, კოკი, შამგონა, ფახულანი და ა.შ. კვლევის კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა ის სოფლები, სადაც გამშვები პუნქტებია, რადგან აქ მცხოვრები ადამიანები მუდმივად დადიოდნენ გალის სოფლებში – ნაბაკევში, ოტობაშიაში, სადაც მიწები, თხილნარები აქვთ. ამ ადამიანებს აქამდე არასოდეს შეუწყვეტიათ ენგურს გაღმა და გამოღმა გადაადგილება. 

რა აჩვენა კვლევამ, რა კონკრეტული საჭიროებები და გამოწვევები აქვთ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს პანდემიის დროს? 

11 მუნიციპალიტეტის 157 გამოკითხულის (49%) მტკიცებით – „მიუხედავად იმისა, რომ მათი ყოფა შეიცვალა, მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუარესებულა“. 106-მა (33%) გამოკითხულმა აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ მათი „მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა და მრავალი საფრთხე შეუქმნა მათ ცხოვრებას“. აღნიშნულ პასუხს ყველაზე მეტად კონფლიქტის გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლის მოსახლეობა უსვამს ხაზს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა 61-დან 41-მა აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა).

განსაკუთრებით გამყოფ ზოლში მცხოვრები მოსახლეობისთვის დადგა სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა, რადგან ამ ადამიანებს ახლოს არ აქვთ სურსათის მაღაზიები და, სხვა თუ არაფერი, საკვების გარეშე დარჩნენ, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის პანიკის საფუძველი გახდა.

იქამდე ზუგდიდში ჩადიოდნენ და იქ ყიდულობდნენ ყველაფერს. პანდემიის გამო კი ჩაიკეტა გზები, ტრანსპორტი აღარ დადიოდა [რამაც, თავის მხრივ, ზუგდიდის საავადმყოფომდე მისვლის შესაძლებლობაც დაუკარგა მათ]. 

მეორე – ამ ადამიანებმა დაკარგეს შემოსავალი. ბევრი დამოკიდებული იყო გალსა და ზუგდიდს შორის ვაჭრობაზე, სამეურნეო საქმიანობაზე. გაუცდათ გალში მიწების დამუშავების დრო, გარდა ამისა, ბევრი იძულებული გახდა, არაკანონირი გზით, რისკის ფასად გადასულიყო ენგურს გაღმა. 

შემოსავლის დაკარგვის მიუხედავად კი, მათი უმრავლესობა სახელმწიფო პროგრამის, 200- ლარიანი დახმარების მიღმა დარჩა, ვინაიდან მათი საქმიანობა არ იყო დეკლარირებული, რის საფუძველზეც სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებდნენ.  

ეკონომიკური პრობლემების გარდა კი, ყველაზე დიდი გამოწვევა განათლების მიღებაა.  

ინტერნეტის სიგნალი იმდენად დაბალი იყო, შეუძლებელი გახდა მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესი. გარდა ამისა, მოსახლეობას არ აქვს ტექნიკური საშუალებები [კომპიუტერები, ტელეფონები] ონლაინ გაკვეთილებში ჩასართავად. არაერთხელ ითხოვეს სახელმწიფოს დახმარება ამ კუთხით. ჩვენც, როგორც ორგანიზაციამ, არაერთხელ დავაყენეთ საკითხი, ინტერნეტპროვაიდერი შემოეყვანათ სოფლებში. 

კიდევ უარესი მდგომარეობაა სოფელ საბერიოში [ენგურს გაღმა], საიდანაც ფახულანის სკოლაში 15-16 მოსწავლე გადმოდიოდა ყოველდღე. საბერიოში იმდენად დაბალია ინტერნეტის სიჩქარე, საერთოდ ვერ ჩაერთვნენ ეს ბავშვები ონლაინ სასწავლო პროცესში. მათთვის არც დამატებით ინტერნეტპაკეტების შეძენაზე უზრუნია სახელმწიფოს. საერთოდ არ იყო გაანალიზებული მათი საკითხი. ახლა ოფლაინ სწავლებაზე გადავლენ სკოლები და ვინმემ იფიქრა, როგორ უნდა ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში საბერიოდან მოსწავლეები? ონლაინ განათლება მაინც უნდა შესთავაზონ პარალელურად, ამისთვის კი კომპიუტერები და ინტერნეტია საჭირო, რაც არ გააჩნიათ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ არავინ ფიქრობს ბავშვებზე, რომლებიც სარგებლობენ საქართველოს განათლების სისტემით და ცხოვრობენ ენგურს გაღმა. 

თქვენი კვლევის ფარგლებში დევნილი მოსახლეობაც გამოიკითხა. როგორია პანდემიის გავლენა მათზე?

მოკვლევის დროს გამოიკვეთა სოფელ კახათში არსებულ დევნილთა კოლექტიურ ცენტრში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც უმძიმეს გავლენას ახდენდა [ჩვენი ადვოკატირებით პრობლემა უვეკ მოგვარდა] იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობაზე. კონკრეტულად კი,: სრულად ამორტიზებული, მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო სისტემა და გამოსაყენებლად უვარგისი საერთო მოხმარების ერთადერთი საპირფარეშო, რომელიც საცხოვრებელი შენობისგან მოშორებით, ეზოშია განთავსებული. 

გაუმართავი სველი წერტილით გამოწვეული მუდმივი ანტისანიტარია და დევნილთა დასახლების ტერიტორიაზე გავრცელებული საშინელი სუნი უამრავი ინფექციის და დაავადების პირდაპირ წყაროს წარმოადგენს და მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ფონს ქმნის მოსახლეობისთვის.

მათი თქმით, შეუძლებელი იყო არა მარტო ელემენტარული და საბაზისო ჰიგიენური ნორმების დაცვა, არამედ დღევანდელი პანდემიის პირობებში, როდესაც ჰიგიენური ნორმების დაცვა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, არსებული ვითარება მოსახლეობას ინფიცირების მუდმივი რისკის და გაზრდილი შიშის ქვეშ ამყოფებს.

პრობლემის სიმწვავეს განსაკუთრებით აღნიშნავდნენ ხანდაზმულები, ავადმყოფები, ქალები, მცირეწლოვანი ბავშვების დედები და გოგონები.

მოსახლეობის მხრიდან არაერთგზის დაისვა პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე, მაგრამ პასუხად სველი წერტილის შეკეთებაზე ან ახლით შეცვლაზე უარი მიუღიათ, იმ მიზეზით, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და იქ მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განსახლებას ექვემდებარებიან. თუმცა განსახლების ზუსტი დრო და ამ გაუსაძლის პირობებში ცხოვრების ხანგრძლივობა მათთვის ჯერ კიდევ უცნობია.

საბედნიეროდ, აღნიშნული პრობლემის იდენტიფიცირების და ჩვენი აქტიური ჩართულობით და ადვოკატირებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან, დღეს ეს პრობლემა მოგვარდა, თუმცა მსგავსი გამოწვევები საკმაოდ ბევრ, კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილთაა ცხოვრებაში არსებობს.   

თუ გამოიკვლიეთ ენგურს გაღმა დარჩენილი მოსახლეობის საჭიროებები პანდემიის დროს? 

ენგურს გაღმა დარჩენილი მოსახლეობისთვის, ყველაზე დიდი პრობლემა პენსიებისა და დევნილთა შემწეობის მიღებაა, რომელიც რამდენიმე თვე ვერ აიღეს და ეს დღემდე პრობლემად რჩება. 

დღემდე ვადვოკატირებთ საკითხს, რომ მოლაპარაკებები მოხდეს, –  ხიდზე მაინც მივიდეს “ლიბერთის” მანქანა და ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, კუთვნილი პენსია აიღონ. ეს არიან ძირითადად ის მარტოხელა მოხუცები, ვისი შვილებიც აქეთ ცხოვრობენ და პანდემიამდე თავად ჩაჰქონდათ მოხუცებისთვის პენსია, წამლები და ა.შ.

მოგვიანებით, ქართულმა მხარემ მათი პენსიების მინდობილობით აღება დაუშვა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც ნოტარიუსთან სკაიპით ჩართვას ითვალისწინებს. ეს კი არ არის ტექნიკურად მარტივი საქმე მათთვის. გარდა ამისა, მინდობით აღჭურვული პირებისთვისაც არ არის მარტივი სოფლებიდან ზუგდიდამდე ჩასვლა, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი დღემდე არ დადის. მაგალითად, ხურჩაში ამორტიზებულია და გამოსულია მწყობრიდან, საჭიროებს ჩანაცვლებას, მაგრამ ეს პროცესი ვერ წყდება და საკითხის გადაწყვეტა უსასრულოდ იწელება. ხოლო ფახულანში არც არასდროს ყოფილა მუნიციპალური ტრანსპორტი, არსებობს მხოლოდ ერთი კერძო სამარშრუტო ტაქსი, რომელიც მხოლოდ ერთ რეისს ასრულებს დღეში, რაც უკიდურესად უზღუდავს მოსახლეობას გადაადგილებას და ამის გამო ხშირად უწევთ ტაქსის გამოყონება, ეს კი საკმაოდ მძიმე ფინანსური ტვირთია ისედაც რთულ ეკონომიკურ ვითარებაში მცხოვრები მოსახლეობისთვის.  

რა უნდა გაკეთდეს ამ სირთულეების დასაძლევად, სიტუაციის გასაუმჯობესებლად? რა არის თქვენი რეკომენდაციები და ვის მიმართაა ისინი ძირითადად?  

ყველგან ძალიან ხმამაღლა ვსაუბრობდით ამის შესახებ და შედეგი ჯერ არაფერია. 

ჩვენი ხედვაა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დიფერენცირებული მიდგომა არსებობდეს, რადგან კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მოწყვლადობა გაათმაგებულია კოვოდის გამო. კოვიდის გავლენა არის განსხვავებული იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობენ ადამიანები. შესაბამისად, საჭიროებისამებრ უნდა მოხდეს დახმარება. ამისთვის კი, პირველ რიგში, კვლევაა საჭირო, თუ რა სპეციფიკური პრობლემების წინაშე დგანან ეს ადამიანები.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი