ახალი ამბები

დაუძლეველია სიღარიბე, ამაში ვეთანხმებით ყველა ოპონენტს – ივანიშვილი 

1 ოქტომბერი, 2020 • 1368
დაუძლეველია სიღარიბე, ამაში ვეთანხმებით ყველა ოპონენტს – ივანიშვილი 

“დაუძლეველია სიღარიბე, ამაში ვეთანხმებით ყველა ოპონენტს”, – განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პირველ ოქტომბერს პარტიის საარჩევნო პროგრამის წარდგენისას და დასძინა, რომ ვერ მიიღებს კრიტიკას, თითქოს ეს “ქართული ოცნების” მმართველობის შედეგია.

ივანიშვილმა  დაახლოებით  40- წუთიანი  გამოსვლის  ძირითადი ნაწილი  ნაციონალური მოძრაობის ცხრა წლიანი მმართველობის კრიტიკას  და “ოცნების” რვა წლიანი მმართველობის ერთგვარ ანგარიშს დაუთმო, რის შესახებაც ადრეც არაერთხელ უსაუბრია. 

“პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა ყველა სფეროში, რომ თვალს ვეღარ უსწორებენ ციფრებს”, – თქვა მან ენმ-სთან დკავშირებით და ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობის “მორალურ ტერორში” დაადანაშაულა. ამაში მან იგულისხმა ოპოზიციის მხრიდან “ოცნების” კრიტიკა სხვადასხვა საკითხებში, თუმცა თქვა, რომ არსებობს საკითხი, რაშიც ეთანხმება  უკლებლივ ყველა ოპონენტს და რაც ობიექტურ რეალობას ასახავს:

“ეს არის ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე. კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი და უმუშევარი მოქალაქე. ვიცით, რომ უამრავ ოჯახს დიდი ძალისხმება ჭირდება, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. სიღარიბე ობიექტური რეალობაა და ჩვენ მის არსებობას ცხადია ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ [კრიტიკას], იმის თაობაზე, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, ქართული ოცნების მმართველობის შედეგია”. 

მისი განმარტებით,  საქართველოში  სიღარიბე ათეული წლების დაგროვილი პრობლემაა :

“სიღარიბე იმ 20 წლიანი დაღმასვლის და კატაკლიზმების შედეგია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადახდა. ამიტომ, უსამართლო კრიტიკას ვერ მივიღებთ ვერც მათგან, ვინც თავის დროზე ქვემეხებით ანგრევდა რუსთაველს და დღეს დანგრეულ ეკონომიკაზე ბედავს ლაპარაკს და ვერც მათგან, ვინც 2012 წლამდე თავისი უგუნურებითა თუ ანგარებით უზრუნველყო ის ეკონომიკური დაღმასვლა, რამაც შვა მასობრივი სიღარიბე. განსაკუთრებით მიუღებელია კრიტიკა იმ ხელისუფლებისგან, რომელმაც 9 წლიანი მმართველობის პერიოდში, 2012 წლამდე მხოლოდ 4 %-ით მოახერხა სიღარიბის შემცირება და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონ 123 ათასი მოქალაქე დაგვახვედრა”. 

ივანიშვილის თქმით, რვა წელია ებრძვის “ქართული ოცნების” ხელისუფლება სიღარიბეს და:

“8 წელია ვებრძვით სიღარიბეს და 400 ათასი ადამიანი ამოვიყვანეთ სიღარიბიდან. 700 ათასი დაგვრჩა”. 

მისი თქმით, სწორედ სიღარიბის დაძლევას  ემსახურება “ოცნების” საარჩევნო პროგრამა, თუმცა პირადად ამომრჩეველს კონკრეტულად არაფერს დაჰპირებია პირველ ოქტომბერს გამოსვლისას. 

“ოცნების” ხელისუფლების ანგარიში და  საარჩევნო პროგრამა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ მთავრობის წევრებმა წარადგინეს.  კობახიძის თქმით, დღეს წარმოდგენილი პროგრამა ზოგადი იყო და დეტალებზე სხვადასხვა შეხვედრაზე ისაუბრებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი