ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერდოღანი აკრიტიკებს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტაზე

1 ოქტომბერი, 2020 • 735
ერდოღანი აკრიტიკებს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტაზე

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დღეს გაკეთებული განცხადებით აკრიტიკებს მინსკის ჯგუფის მუშაობას და ცალკეული სახლემწიფოების მიერ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გაკეთებულ მოწოდებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. თურქეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება დღეს, მეჯლისში გამოსვლის დროს გააკეთა.

“განსაკუთრებით ე.წ. მინსკის ჯგუფის ტრიო – აშშ, რუსეთი და საფრანგეთი- და მათი მცდელობა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ამ ნეგატიური სიტუაციის დროს, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში გამოვლინდა, არის მიუღებელი, რადგან ისინი უარყოფდნენ ამ პრობლემას თითქმის 30 წლის განმავლობაში”.

„თუ მათ მართლა უნდათ პრობლემების გადაჭრა, ოკუპანტებმა უნდა დატოვონ აქაურობა [მთიანი ყარაბაღი], რათა მიიღწეს შედეგები. ახლა ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები ელოდებიან დღეს, როცა შეძლებენ დაბრუნდნენ საკუთარ მიწებზე, თუმცა მათ ყურადღებას არავინ აქცევს. ჩვენ ეს განვიხილეთ პუტინთან და მაკრონთან ერთად, ისინი ყოველთვის ისმენენ, თუმცა, უშედეგოდ. ახლა დროა მოქმედების“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების მიმართ, რომლებიც იბრძვიან, რათა გაანთავისუფლონ საკუთარი მიწები და დაიცვან სამშობლო’’.

კონფლიქტი მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის 27 სექტემბერს, გამთენიისას განახლდა. მიუხედავად არაერთი ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის, რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ირანის დაჟინებული მოწოდებისა, მხარეებს ცეცხლი არ შეუწყვეტიათ. კონფლიქტის განახლებისთანავე თურქეთმა აზერბაიჯანს ღიად დაუჭირა მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი