ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოქალაქე, რომელმაც გალში აფხაზეთის დროშა დაწვა, სუს-ის ცნობით, უსაფრთხოდაა

1 ოქტომბერი, 2020 • 1385
მოქალაქე, რომელმაც გალში აფხაზეთის დროშა დაწვა, სუს-ის ცნობით, უსაფრთხოდაა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს გალში 30 სექტემბერს დაკავებულ ირაკლი ბებუაზე, რომელმაც გალში ღონისძიების დროს აფხაზეთის დროშა დაწვა.

“ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით”.

სუს-ის ცნობითვე, “საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა. ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არსებული მონაცემებით უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება ქ. გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”.

ამასთან, სუსი სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს ადამიანების უკანონო დაკავების ფაქტებზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

“საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება”.

ერთწუთიანი ვიდეომასალა, სადაც მოქალაქე საკუთარ ქმედებას, სავარაუდოდ, გამომძიებელთან განმარტავს, ფეისბუკის აფხაზმა მომხმარებლებმა ატვირთეს. კომენტარები, რომლებიც თან ახლავს ვიდეოჩვენებას, მუქარას და ქართველების მიმართ აგრესიას შეიცავს.

თავად ირაკლი ბებუამ დაკითხვისას განმარტა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს არც დროშასთან და არც ხალხთან და ეს აქტი მხოლოდ იმისთვის განახორციელა, რომ სურვილი აქვს, აფხაზებმა და ქართველებმა, როგორც უწინ, ისევ ერთად, მეგობრულად ცხოვროვრონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი