ახალი ამბები

დარწმუნებული ვარ, დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა — კობახიძე ძალადობრივ ინციდენტებზე

30 სექტემბერი, 2020 • 987
დარწმუნებული ვარ, დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა — კობახიძე ძალადობრივ ინციდენტებზე

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო დღეებში ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით “დღეს-ხვალ” დამნაშავეები გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან.

როგორც ის აღნიშნავს, ძალადობას გამართლება არ აქვს და ამიტომ, სამართალდამცავ უწყებებს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.

კობახიძის თქმით, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ოპოზიციის მხრიდან მით მეტი და უფრო მძიმე “პროვოკაცია” იქნება.

“მოვუწოდებთ რადიკალურ, კრიმინალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. დღეს დილით რაც მოხდა, ეს პროვოკაციაზე მეტი იყო — ჩვენი მარნეულის შტაბის წევრს უკნიდან შეგნებულად დაეჯახა მანქანა და როგორც კი გადმოვიდა ავტომობილიდან, მას თავს დაესხა რადიკალური, კრიმინალური ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი და სახის ძვლები აქვს დამტვრეული, რამდენიმე ასეთი დაზიანება აქვს მიღებული. მე დარწმუნებული ვარ, დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა, ეს ასე უნდა მოხდეს. ჩვენი მოწოდება სამართალდამცავების მიმართ ეს არის, რომ ვინც აწყობს პროვოკაციებს, ვინც არასწორად რეაგირებს პროვოკაციებზე, მით უმეტეს, მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ, რეაგირება უნდა იყოს მკაცრი”, — განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, 29 სექტემბერს მარნეულში დაპირისპირება მოხდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, “ოცნების” წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს.

მომხდარის გაშუქებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” და “პირველი არხის” თანამშრომლებს. “მთავარი არხის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს. ასევე ნაცემია “პირველი არხის” ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ორგანიზაცია 20/20-ის დამკვირვებელს გიორგი მუმლაძესაც. ეს უკანასკნელი ამბობს, რომ მასზე მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ იძალადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო.

„ქართული ოცნება“ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ადანაშულებს.

ამასთან, დღეს, 30 სექტმბერს, უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელს თავს დაესხნენ. მათი თქმით, შემთხვევა დღეს დილით იმ დროს მოხდა, როცა აღნიშნული პირი მარნეულში მიდიოდა. მათი თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენელს ჯერ მანქანით დაეჯახნენ, შემდეგ კი სამმა კაცმა სცემა.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი