ნეტგაზეთი | ენმ-სა და მათი ლიდერის ოცნებაა მეზობლად მიმდინარე კონფლიქტის შემოტანა საქართველოში — ვოლსკი ენმ-სა და მათი ლიდერის ოცნებაა მეზობლად მიმდინარე კონფლიქტის შემოტანა საქართველოში — ვოლსკი – Netgazeti
RU | GE  

ენმ-სა და მათი ლიდერის ოცნებაა მეზობლად მიმდინარე კონფლიქტის შემოტანა საქართველოში — ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ბოლო დღეებში ქვემო ქართლში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ “ნაციონალური მოძრაობა” ვითარების დაძაბვას განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესებობით დასახლებულ რეგიონებში ცდილობს.

როგორც ვოლსკი ამბობს, ენმ-ის და მათი ლიდერის “ოცნებაა”, რომ მეზობლად მიმდინარე კონფლიქტი საქართველოშიც შემოვიდეს.

“ფაქტია, რომ პოლიტიკურად უპერსპექტივო ნაცმოძრაობის კლასტერი არაფერზე უკან არ დაიხევს და შეეცდება ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესებობით დასახლებულ რეგიონებში. ამასთანავე, როგორც მათი ლიდერების სხვა ხმამაღალი განცხადებებიც მოწმობს, მათი ოცნებაა მეზობლად მიმდინარე კონფლიქტის შემოტანა საქართველოში”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” უპირატესობა შიდა პოლიტიჯურ ველზე თვალსაჩინოა და ამიტომ არაერთხელ მოუსმენიათ დესტრუქციის მუქარა და კონკრეტული ქმედებებიც უნახავთ.

გუშინ, 29 სექტემბერს მარნეულში დაპირისპირება მოხდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს.

მომხდარის გაშუქებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” და “პირველი არხის” თანამშრომლებს. “მთავარი არხის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს. ასევე ნაცემია “პირველი არხის” ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო.

„ქართული ოცნება“ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ადანაშულებს.

27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებისა, მხარეებს ჯერჯერობით ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

28 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირებების განახლებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ენმ-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას წარმოადგენს.

„ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, — ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის“, – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი