ახალი ამბები

“ეს არის ასლან აბაშიძის გზა” – ბაქრაძე წინასაარჩევნო ძალადობებზე

30 სექტემბერი, 2020 • 675
“ეს არის ასლან აბაშიძის გზა” – ბაქრაძე წინასაარჩევნო ძალადობებზე

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ითხოვს დაისაჯონ მარნეულის ინციდენტში ჩართული ადამიანები და ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებზეც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ორგანიზაებას უწევდნენ და მონაწილეობდნენ ამ ძალადობაში.

მარნეულის ცენტრში გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად ენმ-ის აქტივისტები დაშავდნენ, ასევე სცემეს ჟურნალისტები და დამკვირვებელი.

„მინდა გამოვეხმაურო ძალადობის ფაქტების იმ სპირალს, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ხელისუფლებამ ბოლო დღეების განმავლობაში და რომლის პიკიც იყო გუშინ მარნეულში დატრიალებული მოვლენები.

პირველ რიგში, ევროპული საქართველოს სახელით მინდა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ძალადობის თითოეულ მსხვერპლს, ჟურნალისტებს, რომლებიც ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პარტია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ გახდა სისხლიანი და ძალადობრივი ანგარიშსწორების მსხვერპლი.

ევროპული საქართველო გმობს ძალადობას და მოითხოვს ხელისუფლებისაგან, გამოძიებულ იქნას და დასჯილი იქნას ყველა, მათ შორის, ის მაღალი თანამდებობის პირები, ვისზეც არსებობს მაღალი ალბათობით გონივრული ეჭვი, რომ პირადად აორგანიზებდნენ და მონაწილეობდნენ ამ ძალდობაში. 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გზა, რომელიც აირჩია ქართულმა ოცნებამ, საარჩევნო გარემოს დაძაბვის და არჩევნების წინ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაშინების და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების გზა, ეს არის გზა, რომელიც უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს მომავალსა და სტაბილურობას, ეს არის ასლან აბაშიძის გზა, რომელსაც მივყავართ საზოგადოების დაპირისპირებამდე, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ერთმანეთთან დაჯახებამდე და სახელმწიფოს მხრიდან მისი მთავარი ფუნქციის, წესრიგის, სიმშვიდის და მარლთწესრიგის მორღვევამდე. ეს არის გზა, რომლითაც ქართული ოცნება ფიქრობს არჩევნების მოგებას, ვინაიდან დღეს ქვეყანა არის უმძიემეს ეკონომიკურ კრიზისში და ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი გზა არჩევნების მოსაგებად”, – ნაქვამია დავით ბაქრაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“ხელისუფლებას არ აქვს პასუხები კითხვებზე, ექნებათ თუ არა ადამიანებს სამუშაო, გაიზრდება თუ არა პენსია, დასტაბილურდება თუ არა ფასები, გამყარდება თუ არა ლარი, ხელისუფლებას არ აქვს პასუხი არცერთ კითხვაზე, ამიტომ, ხელისუფლება, რომელიც  მომავლის მოდელად საჩხერეს გვათავაზობს, ირჩევს სწორედ დაპირისპირების, ოპონენტების დაშინების და საარჩევნო გარემოს პოლარიზების გზას, რათა შემდეგ ამ პოლარიზებულ გარემოში ისევ დაპირისპირების შიშით, ისევ უარესის შიშით, ცუდი აარჩევინოს ადამიანებს. ამას უნდა დავუსვათ წერტილი ერთხელ და სამუდამოდ, არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, კიდევ ერთხელ აგვარჩევინოს ცუდი უარესის შიშით, არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება სამოქალაქო დაპირისპირების, ძალადობის და განხეთქილების გზაზე დააყენოს ქვეყანა. ამიტომ ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ თითოეული იმ ადამიანის დასჯას, ვინც მონაწილეობდა და აორგანიზებდა ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობას და  მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ნუ შეგეშინდებათ, ასეთი რამ ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლების ბოლო ფაზაა და მას აღარ აქვს კითხვები იმ პასუხებზე და მოთხოვნებზე, რაც არსებობს საზოგადოებაში. ქვის სროლით არ იქმნება სამუშაო ადგილები, ადამიანების ცემით არ მყარდება ლარი, მანქანების მტვრევით არ იზრდება პენსია. 

31 ოქტომბერს წერტილი უნდა დავუსვათ ამ ხელისუფლებასაც და წერტილი უნდა დავუსვათ ქვის ხანასაც. ამიტომ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს მოვუწოდებთ, იყავით მტკიცედ, მშვიდად, არ შეშინდეთ, ჩვენი სიმშვიდით და სიმტკიცით აუცილებლად დავამარხებთ ამ ხელისუფლებას“ ,-განაცხადა დავით ბაქრაძემ

მასალების გადაბეჭდვის წესი