ახალი ამბები

„სალამი“ მარნეულში ჟურნალისტებზე ძალადობას ეხმაურება

30 სექტემბერი, 2020 • 1331
„სალამი“ მარნეულში ჟურნალისტებზე ძალადობას ეხმაურება

აქტივისტების პლატფორმა „სალამი“ შეშფოთებას გამოთქვამს მარნეულში ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე ძალადობის გამო და სახელმწიფო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„შეშფოთებულნი ვართ მარნეულში ჟურნალისტებზე, მათ შორის ჯეიჰუნ მუჰამედალიზე და სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტით. მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს დროული და დამოუკიდებელი გამოძიება, გამოავლინოს ყველა მოძალადე პირი და უმკაცრესად დასაჯოს ისინი“, – წერს „სალამი“, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდების შექმნილი პლატფორმაა.

„გვესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდის პოლიტიკურმა დაძაბულობამ მთელი საქართველო მოიცვა. ვხედავთ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ ელიტები და რეგიონალურ კლანები ძალაუფლების გადანაწილების პროცესში, უფრო დიდი ნაჭერის ხელში ჩაგდების მიზნით, კუნთების თამაშს და საკუთარი ძალის დემონსტრირებას იწყებენ“, – წერს პლატფორმა.

„თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ განსაკუთრებით მწვავე სიტუაციაა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების რეგიონებში. ვხედავთ, რომ ამ რეგიონებში შიშველი ძალის გამოყენების, დაშინების და ზეწოლის პრაქტიკები ჩვენი ყოველდღიურობა ხდება“, – წერია განცხადებაში.

„არ გვინდა, ხვალ ასეთი ძალადობის, დაშინების და ზეწოლის მსხვერპლი ვიყოთ ჩვენ“, – წერენ „სალამის“ წარმომადგენლები.


29 სექტემბერს, საღამოს საათებში, მარნეულში დაპირისპირება მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს.

მომხდარის გაშუქებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ და „პირველი არხის“ თანამშრომლებს. „მთავარი არხის“ განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს; ნაცემია „პირველი არხის“ ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო.

„ქართული ოცნება“ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ადანაშულებს.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი