ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის საქმე: პროკურორი განმარტავს, რატომ ჩამოართვეს ტელეფონი გიორგი ლუბარეცს

29 სექტემბერი, 2020 • 1147
ბაჩალიაშვილის საქმე: პროკურორი განმარტავს, რატომ ჩამოართვეს ტელეფონი გიორგი ლუბარეცს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დღეს სასამართლოში მოწმის სტატუსით პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი გამოკითხეს. ლუბარეცი აცხადებდა, რომ მისი დაბარების მიზეზი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების შემდეგ, მისი დაკარგვის ადგილმდებარეობის რადიუსში სხვადასხვა ლოკაციის ძებნა ინტერნეტში.

პროგრამისტი ასევე აპროტესტებდა მისთვის ტელეფონის ჩამორთმევას, რის შესახებაც დღეს საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში ამოღებული ყველა მტკიცებულება სამართლებრივ საფუძველს შეიცავდა. პროკურორი ასევე აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ მიმართულებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო ჩაატარეს.

“თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კონკრეტულ ლოკაციასთან დაკავშირებით გავრცელდა გარკვეული ინფორმაცია მედიაში და შემდგომ ეს ლოკაცია გადაამოწმა გამოძიებამ. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ, ცხადია, გარემოებები არ დავტოვეთ უყურადღებოდ და ჩავატარეთ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. ერთ-ერთი ეტაპი სხვადასხვა ვერსიის გადამოწმების არის მოწმის დაკითხვა სასამართლოში.თუ რამე ტექნიკა არის ამოღბული ამ საქმეში, ყველა არის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით და როდესაც იქნება ამის დრო, ყველა მეპატრონეს ნივთიერი მტკიცებულება დაუბრუნდება”, – ამბობს პროკურორი.

როგორც ლუბარეცმა გუშინ, 28 სექტემბერს “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, პროკურატურაში უთხრეს, რომ ძებნისას მას საჯარო რეესტრში გაგზავნილი ჰქონდა მოთხოვნა დაწესებულება “ვილა ალგეთის” შესახებ ინფორმაციის მიღებაზე. მისი გამოკითხვაზე დაბარების მთავარი მიზეზი კი იმის გარკვევა იყო, მიაწოდა თუ არა ამ ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს. კითხვაზე, რა კავშირშია თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან “ვილა ალგეთი”, ლუბარეცმა გვიპასუხა, რომ არ იცის და არც პროკურატურაში განუმარტავთ.

“გამოკითხვაზე მკითხეს, ვეძებდი თუ არა “ვილა ალგეთს”, რაზეც ვუთხარი, რომ არაფერს არ ვეძებდი, უბრალოდ, რუკაზე “ვაკლიკავდი” ყველაფერს, რაც კი იყო იმ ტერიტორიაზე. რუკაზე რომ “აკლიკავ”, საჯარო რეესტრში იგზავნება მოთხოვნა და მოდის, რა ტერიტორიაა, ვის ეკუთვნის და ა.შ. როგორც თვითონ მითხრეს, ჩანაწერებში ნახეს, რომ “ვილა ალგეთის” შესახებ მოთხოვნა ჩემი IP მისამართიდან იყო შესული. ვინც კი აქტიურია, ყველა ეძებდა მაგ პერიოდში და მე რა შუაში ვარ, არ ვიცი”, – განმარტა ლუბარეცმა.

ლუბარეცის თქმით, ვერ ხვდება, რაში დასჭირდა პროკურატურას მისი ტელეფონის დატოვება, რადგან არც ჟურნალისტებთან ჰქონია კონტაქტი და არც სხვა დაინტერესებულ პირებთან.

მისი თქმით, გამოკითხვისას პროკურატურის წარმომადგენლებმა მას სთხოვეს, რომ ტელეფონზე კოდი მოეხსნა და ისე გადაეცა, თუმცა ლუბარეცმა ამის გაკეთება არ ისურვა. ასევე, “ნეტგაზეთთან” საუბრისას ლუბარეცმა განაცახადა, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას კონკრეტულად ვერაფერს უკავშირებს, თუმცა “მათი განმარტება იმდენად აბსურდულია”, რომ არ გამორიცხავს, ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდეს.

რაც შეეხება “ვილა ალგეთს”, ამის შესახებ 14 სექტემბერს ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში ისაუბრა. მისი განმარტებით, მას დაუკავშირდა წყარო, რომელმაც უთხრა, რომ “ის ადგილი, სადაც მანქანა [ბაჩალიაშვილის] იპოვეს, არის ბოლო ადგილი და რეალურად დასაწყისი არის სხვაგან”, ამის შემდეგ კი მას სწორედ “ვილა ალგეთის” კოორდინატები გაუგზავნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი